---
title: "მუხლი 3. ტერმინთა განმარტება — სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6192001-soplis-meurneobisa-da-soplis-ganvitarebis-shesakheb/3"
law: "სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 6192001"
adopted: "2024-06-12"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. ტერმინთა განმარტება — სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6192001-soplis-meurneobisa-da-soplis-ganvitarebis-shesakheb/3

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სოფლის განვითარება − სოფლად ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი მდგრადობის გაძლიერება;
ბ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა − სამეურნეო საქმიანობის განხორციელების მიზნით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების პირველადი წარმოება, მათ შორის, ამ პროდუქტების მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე ან/და აღნიშნულ მიწასთან დაკავშირებულ ქონებაზე წარმოება. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ამ მიწისა და მასთან დაკავშირებული ქონების მოვლა და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების საწარმოებლად გამოსადეგ მდგომარეობაში შენახვა;
გ) დაკავშირებული საქმიანობა − პირველადი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დამუშავებასთან/გადამუშავებასთან და მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობა, აგრეთვე აგროტურისტული საქმიანობა;
დ) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკა − სახელმწიფო პოლიტიკის იმ ძირითადი მიმართულებებისა და ღონისძიებების ერთობლიობა, რომელთა მიზანია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ პირთა შემოსავლების ზრდა და სოფლის განვითარება;
ე) ფერმერული მეურნეობა − მიწის ნაკვეთი ან/და მიწის ნაკვეთზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების პირველადი წარმოებისთვის ან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების პირველადი წარმოებისა და დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისთვის გამოიყენება;
ვ) სოფლად არსებული საწარმო − მიწის ნაკვეთი ან/და მიწის ნაკვეთზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა, რომელიც დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისთვის გამოიყენება;
ზ) ფერმერი − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც ფერმერულ მეურნეობაში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასა და დაკავშირებულ საქმიანობას ახორციელებს;
თ) ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრი − ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ფერმერისა და მის მიერ ფერმერულ მეურნეობაში განხორციელებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესახებ, აგრეთვე სოფლად მეწარმეობის, სოფლად არსებულ საწარმოში განხორციელებული დაკავშირებული საქმიანობისა და სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მხარდამჭერი ღონისძიებების თაობაზე;
ი) მხარდამჭერი ღონისძიებები − სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობისა და სოფლის განვითარებისთვის განხორციელებული ღონისძიებები (მათ შორის, გადახდები);
კ) მმართველი ორგანო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
ლ) გადამხდელი სააგენტო − მმართველი ორგანოს სისტემაში შემავალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − სოფლის განვითარების სააგენტო;
მ) სოფელი − საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული სოფელი;
ნ) საბჭო − სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საბჭო;
ო) სოფლად არსებული მეწარმე − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც სოფლად არსებულ საწარმოში ახორციელებს დაკავშირებულ საქმიანობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6192001-soplis-meurneobisa-da-soplis-ganvitarebis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6192001-soplis-meurneobisa-da-soplis-ganvitarebis-shesakheb/4.md
