---
title: "მუხლი 4. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მიზნები — სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6192001-soplis-meurneobisa-da-soplis-ganvitarebis-shesakheb/4"
law: "სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 6192001"
adopted: "2024-06-12"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მიზნები — სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6192001-soplis-meurneobisa-da-soplis-ganvitarebis-shesakheb/4

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მიზნებია:
ა) წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის გაზრდით სოფლად ეკონომიკური საქმიანობის ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობის სფეროში ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების უზრუნველყოფა, მათ შორის, მაღალი ღირებულების პროდუქტების ხელშეწყობა;
ბ) სოფლად საცხოვრებელი და სამუშაო პირობების გაუმჯობესებით, საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნით, მათ შორის,  ციფრული გარდაქმნების მხარდაჭერით, სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდა;
გ) სასოფლო-სამეურნეო წარმოებით, ბუნებრივი რესურსების გამოყენებით, ეკოსისტემების შენარჩუნებით, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციითა და გარემოზე კლიმატის ცვლილების მავნე ზემოქმედების შემცირებით ეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობა;
დ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში ეფექტიანი სისტემების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობა;
ე) სოფლად დამატებითი ფინანსური, საშეღავათო, ტექნიკური და კვლევითი მხარდაჭერით სასოფლო-სამეურნეო წარმოების შეზღუდული პოტენციალის განვითარება;
ვ) სოფლად თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვით, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მიდგომის „ქვემოდან ზემოთ“ და საჯარო-კერძო პარტნიორობის ქმედითი მექანიზმების სტიმულირებით, კოოპერაციის წახალისებით, ეკონომიკურ აქტივობებში ქალების, ახალგაზრდა და დამწყები ფერმერების/მეწარმეების ჩართვით სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა.
თავი II
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკა და დაფინანსება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6192001-soplis-meurneobisa-da-soplis-ganvitarebis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6192001-soplis-meurneobisa-da-soplis-ganvitarebis-shesakheb/5.md
