---
title: "მუხლი 9. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მმართველი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები — სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6192001-soplis-meurneobisa-da-soplis-ganvitarebis-shesakheb/9"
law: "სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 6192001"
adopted: "2024-06-12"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მმართველი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები — სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6192001-soplis-meurneobisa-da-soplis-ganvitarebis-shesakheb/9

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მმართველი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები არიან:
ა) საქართველოს მთავრობა, რომელიც:
ა.ა) უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელებას;
ა.ბ) მმართველი ორგანოს წარდგინებით ამტკიცებს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიას და სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმას;
ა.გ) ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ღონისძიებების შემუშავებისას, აგრეთვე სხვა სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებისას ითვალისწინებს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების საჭიროებებს;
ა.დ) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მმართველი ორგანოს წარდგინებით ამტკიცებს მხარდამჭერ ღონისძიებებს;
ბ) მმართველი ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ბ.ა) სხვა შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიას და სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმას;
ბ.ბ) შეიმუშავებს მხარდამჭერ ღონისძიებებს და მათ დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;
ბ.გ) ახორციელებს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების საერთო მონიტორინგსა და შეფასებას;
ბ.დ) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ფარგლებში კოორდინაციას უწევს შიდაუწყებრივ და უწყებათაშორის თანამშრომლობას;
ბ.ე) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში არსებულ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ახორციელებს ანალიტიკურ საქმიანობას, მათ შორის, საპროგნოზო მონაცემების საწარმოებლად აანალიზებს ინტეგრირებული ადმინისტრირებისა და კონტროლის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემებს;
ბ.ვ) უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების, სამეცნიერო წრეების, სამეწარმეო სექტორის, მათ შორის, ფერმერთა და დარგობრივი ასოციაციების, ჩართულობასა და კომუნიკაციას სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის საკითხებზე;
ბ.ზ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6192001-soplis-meurneobisa-da-soplis-ganvitarebis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6192001-soplis-meurneobisa-da-soplis-ganvitarebis-shesakheb/10.md
