---
title: "მუხლი 7. საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითება — საქართველოს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6283110-sakartvelos-kanoni-ojakhuri-ghirebulebebisa-da-arasrulwlovanis-datsvis/7"
law: "საქართველოს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 6283110"
adopted: "2024-09-17"
consolidated_as_of: "2024-10-03"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითება — საქართველოს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2024-10-03. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2024-10-03), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6283110-sakartvelos-kanoni-ojakhuri-ghirebulebebisa-da-arasrulwlovanis-datsvis/7

1. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისას სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ადამიანის სქესად მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება დაუშვებელია. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების ან/და დამატების შეტანით მასში ადამიანის სქესად მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება დაუშვებელია. ამ აკრძალვებიდან გამონაკლისები, რომლებიც დაკავშირებულია ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ შესაბამის სამართლებრივ ურთიერთობებთან, განისაზღვრება „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტში ადამიანის სქესად მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება დაუშვებელია. ამ აკრძალვიდან გამონაკლისები, რომლებიც დაკავშირებულია ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ შესაბამის სამართლებრივ ურთიერთობებთან, განისაზღვრება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტებისგან განსხვავებულ იმ დოკუმენტში, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო გასცემს, ადამიანის სქესად შეიძლება მიეთითოს მხოლოდ ის ბიოლოგიური სქესი, რომელიც იმავე პუნქტებით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტშია მითითებული, ხოლო ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში − ის ბიოლოგიური სქესი, რომელიც მისი ვინაობის დამდგენ სხვა სათანადო დოკუმენტშია მითითებული.

4. დაუშვებელია საქართველოს საერთო სასამართლოს მიერ ისეთი მოთხოვნის დაკმაყოფილება ან/და უცხო ქვეყნის ისეთი სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა, რომელიც ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნებას ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნებას გულისხმობს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6283110-sakartvelos-kanoni-ojakhuri-ghirebulebebisa-da-arasrulwlovanis-datsvis/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6283110-sakartvelos-kanoni-ojakhuri-ghirebulebebisa-da-arasrulwlovanis-datsvis/8.md
