---
title: "მუხლი 9. ინფორმაციის გავრცელება — საქართველოს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6283110-sakartvelos-kanoni-ojakhuri-ghirebulebebisa-da-arasrulwlovanis-datsvis/9"
law: "საქართველოს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 6283110"
adopted: "2024-09-17"
consolidated_as_of: "2024-10-03"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. ინფორმაციის გავრცელება — საქართველოს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2024-10-03. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2024-10-03), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6283110-sakartvelos-kanoni-ojakhuri-ghirebulebebisa-da-arasrulwlovanis-datsvis/9

1. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ეს აკრძალვა მაუწყებლის ეთერში შემოქმედებითი ნაწარმოების განთავსების მიმართ გულისხმობს მხოლოდ ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ინტიმური ურთიერთობის ან ინცესტის ამსახველი სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელების დაუშვებლობას. ამ პუნქტით დადგენილი აკრძალვის დარღვევა მაუწყებელს არ შეერაცხება, თუ იგი შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებაზე ფაქტობრივ კონტროლს არ ახორციელებდა.

2. დაუშვებელია არასრულწლოვანთან პირდაპირი კომუნიკაციის განხორციელებით მისთვის ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) მიწოდება (გაზიარება) ან/და ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. არასრულწლოვანთან პირდაპირი კომუნიკაციის განხორციელებით მისთვის ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა გულისხმობს ისეთ შემთხვევასაც, როდესაც სუბიექტმა არასრულწლოვანი დაუშვა იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს ინფორმაცია სიტყვიერად, ხმოვანი მოწყობილობით ან/და ვიზუალურად ვრცელდება, თუ აღნიშნულ სუბიექტს ამ არასრულწლოვანის ასეთ ტერიტორიაზე დაშვების შეზღუდვის უფლება და გონივრული შესაძლებლობა ჰქონდა.

3. დაუშვებელია ისეთი რეკლამის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ამ აკრძალვის დარღვევა სუბიექტს არ შეერაცხება, თუ იგი შესაბამისი რეკლამის გავრცელებაზე ფაქტობრივ კონტროლს არ ახორციელებდა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6283110-sakartvelos-kanoni-ojakhuri-ghirebulebebisa-da-arasrulwlovanis-datsvis/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6283110-sakartvelos-kanoni-ojakhuri-ghirebulebebisa-da-arasrulwlovanis-datsvis/10.md
