---
title: "მუხლი 4. მიკროსქემა — საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6442842-sakartvelos-mokalakis-piradobis-elektronuli-mowmobisa-da-sakartveloshi/4"
law: "საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 6442842"
adopted: "2025-03-10"
consolidated_as_of: "2025-10-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. მიკროსქემა — საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-10-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2025-10-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6442842-sakartvelos-mokalakis-piradobis-elektronuli-mowmobisa-da-sakartveloshi/4

1. მოწმობა უნდა შეიცავდეს ჩაშენებულ პროგრამულ უზრუნველყოფას (პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ჩაშენებულ მიკროსქემაზე მუშაობს), ხოლო მიკროსქემა უზრუნველყოფილი უნდა იყოს 2 − კონტაქტური და უკონტაქტო − ინტერფეისით.

2. მიკროსქემის მოდული და ანტენა ინტეგრირებული უნდა იყოს ბლანკში ისე, რომ ზედა ფენებში არ წარმოიქმნას ნაპრალები დოკუმენტის მთლიანი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, არ მოახდინოს გავლენა სხვა ინტეგრირებულ დამცავ ნიშნებზე და არ დაზიანდეს ოპტიკური პერსონალიზაციის პროცესში.

3. მიკროსქემის კონტაქტური ფირფიტა სათანადოდ უნდა იყოს დაცული კოროზიის, ცვეთისა და მიკროსქემასთან კავშირის დაკარგვისგან მოწმობის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში (პერსონალიზაციიდან 10 წლის განმავლობაში), მოწმობის დანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევაში.

4. მიკროსქემა წარმოადგენს მოწყობილობას – ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

5. მიკროსქემა სერტიფიცირებული უნდა იყოს საერთო კრიტერიუმების შესაბამისად, არანაკლებ EAL 6+ დონეზე, BSI-CC-PP-0084-2014 ან ეკვივალენტური უსაფრთხოების პროფილის გამოყენებით.

6. მიკროსქემის კონტაქტური ინტერფეისი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს: ა) მიკროსქემა ISO/IEC 7816-ის შესაბამისად უნდა შეიცავდეს არანაკლებ კონტაქტური ინტერფეისით წვდომად პროცესორს/თანაპროცესორს და FLASH მეხსიერებას. მეხსიერება საკმარისი უნდა იყოს აუცილებელი აპლიკაციების, პერსონალიზაციისთვის საჭირო და მომავალში გაფართოების შემთხვევაში დამატებითი მონაცემების შესანახად. მიკროსქემამ უნდა გაუძლოს 10-წლიან პროგრამულ სასიცოცხლო ციკლს და მუშაობას. მიკროსქემა უნდა უზრუნველყოფდეს როგორც T=0, ისე T=1 ტრანსმისიის პროტოკოლს; ბ) მიკროსქემა აღჭურვილი უნდა იყოს სიმეტრიული და ასიმეტრიული კრიპტოგრაფიული თანაპროცესორებით, რომლებითაც მხარდაჭერილია შემდეგი ალგორითმები: ბ.ა) RSA; ბ.ბ) ECC; ბ.გ) AES.

7. მიკროსქემის უკონტაქტო ინტერფეისი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს: ა) მიკროსქემა, ISO/IEC 14443 თანახმად, უნდა შეიცავდეს არანაკლებ RF ანტენით წვდომად პროცესორს/თანაპროცესორს და FLASH მეხსიერებას. უკონტაქტო ინტერფეისის მოქმედების მანძილი უნდა იყოს 10 სმ-მდე, ხოლო სიხშირე – 13.56 MHZ; ბ) მიკროსქემა კრიპტოგრაფიული მექანიზმების დაცვით, სხვადასხვა გასაღების გამოყენებით უნდა იძლეოდეს საშუალებას სხვადასხვა უფლებაზე (კითხვა, ჩაწერა); გ) მიკროსქემა უნდა იძლეოდეს თითოეული ელექტრონული მოწყობისათვის დინამიკური დაკავშირების (dynamic binding) გამოყენების საშუალებას; დ) მიკროსქემას უნდა შეეძლოს მონაცემთა მიმოცვლა არანაკლებ 424 კბ/წმ სიჩქარით უკონტაქტო რეჟიმში; ე) მეხსიერება საკმარისი უნდა იყოს აუცილებელი აპლიკაციების, პერსონალიზაციისთვის საჭირო და მომავალში გაფართოების შემთხვევაში დამატებითი მონაცემების შესანახად.

8. მოწმობისათვის ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფა უნდა იყოს JavaCard ოპერაციულ სისტემაზე დაფუძნებული და უნდა შეიცავდეს არანაკლებ ორ სერტიფიცირებულ აპლეტს, სადაც eMRTD (electronic machine-readable travel document აპლიკაცია) და IAS (identification, authentication, signature აპლიკაცია) შეიძლება იყოს გაერთიანებული ერთ აპლეტში.

9. ოპერაციული სისტემა, რომელიც იყენებს JavaCard პლატფორმას, სერტიფიცირებული უნდა იყოს საერთო კრიტერიუმების შესაბამისად, არანაკლებ EAL 5+ დონეზე, Java Card Protection Profile – Open Configuration-ის (ან ეკვივალენტური პროფილის) გამოყენებით, რაც საშუალებას იძლევა, ელექტრონულ კომპონენტში დამატებითი აპლიკაციები მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში ისე დაინსტალირდეს, რომ არ მოახდინოს გავლენა მისი ძირითადი აპლიკაციების ფუნქციონალზე, უსაფრთხოებასა და შესაბამის სერტიფიცირებაზე.

10. მიკროსქემის ოპერაციული სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სტანდარტებს: ა) Java Card 3.0.4. CE ან უფრო ახალი (ან მისი ეკვივალენტური) ვერსია; ბ) Global Platform 2.2.1 ან უფრო ახალი (ან მისი ეკვივალენტური) ვერსია; გ) ელექტრონული კომპონენტის ოპერაციული სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს SCP03 დაცული არხის პროტოკოლების მხარდაჭერას.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეკვივალენტობა გულისხმობს მიკროსქემის ოპერაციული სისტემის შესაბამისი სტანდარტის საჯაროდ ცნობილი ფუნქციონალის გამოყენების სრულ ურთიერთთავსებადობას ეკვივალენტურ ვერსიასთან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6442842-sakartvelos-mokalakis-piradobis-elektronuli-mowmobisa-da-sakartveloshi/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6442842-sakartvelos-mokalakis-piradobis-elektronuli-mowmobisa-da-sakartveloshi/5.md
