---
title: "მუხლი 10. პარლამენტის წევრის სტატუსის სხვა საქმიანობასთან შეთავსება — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/10"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "10"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. პარლამენტის წევრის სტატუსის სხვა საქმიანობასთან შეთავსება — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 10 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/10

1. პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა საჯარო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას.

2. პარლამენტის წევრის სტატუსის სამეწარმეო საქმიანობასთან შეუთავსებლობის მოთხოვნები არ ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებას. პარლამენტის წევრი შეიძლება ფლობდეს აქციებს, წილსა და სხვა ქონებას.

3. პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს:
ა) უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად;
ბ) უშუალოდ განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან/და საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებები.

4. პარლამენტის წევრი შეიძლება ეწეოდეს საზოგადოებრივ საქმიანობას. პარლამენტის წევრი შეიძლება ეწეოდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ და სახელოვნებო საქმიანობას, თუ ეს საქმიანობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას. ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება გულისხმობს სამეცნიერო, სასწავლო, სახელოვნებო დაწესებულებაში თანამდებობის პირის მიერ საკადრო, დისციპლინურ და სხვა საკითხებზე ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღების უფლებამოსილებას.

5. პარლამენტის წევრი იმავდროულად შეიძლება ეწეოდეს პარტიულ საქმიანობას, ეკავოს ნებისმიერი თანამდებობა პოლიტიკურ პარტიაში.

6. უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში პარლამენტის წევრზე არ ვრცელდება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურსა და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოთხოვნა.

7. საომარი მდგომარეობის პერიოდში პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს, თავი აარიდოს საპარლამენტო საქმიანობას საომარ მოქმედებაში მონაწილეობის მოტივით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/11.md
