---
title: "მუხლი 101. კანონპროექტზე მომხსენებელი და თანამომხსენებელი — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/101"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "101"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 101. კანონპროექტზე მომხსენებელი და თანამომხსენებელი — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 101 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/101

1. კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს განსახილველად წარადგენს მისი ინიციატორი პარლამენტის წევრი, პარლამენტის წევრთა მიერ ინიციირებულ კანონპროექტს − პარლამენტის წევრთა მიერ დანიშნული წარმომადგენელი, საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი − მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის მიერ სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით კანონპროექტზე მომხსენებლად/თანამომხსენებლად შესაბამისი მინისტრი ან მინისტრის მოადგილე/მოადგილეები არ არის/არ არიან დანიშნული, ფრაქციის ან კომიტეტის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – შესაბამისად, ფრაქციის ან კომიტეტის თავმჯდომარე ანდა ფრაქციის ან კომიტეტის მიერ შესაბამისი ფრაქციის ან კომიტეტის წევრთაგან დანიშნული წარმომადგენელი, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – მის მიერ დანიშნული შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე ან კომიტეტის/კომისიის თავმჯდომარე, ხოლო ამომრჩეველთა მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – საინიციატივო ჯგუფის მიერ არჩეული საინიციატივო ჯგუფის წევრი.

2. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე მომხსენებლად/თანამომხსენებლად საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გამოდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის მიერ სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მომხსენებლად/თანამომხსენებლად შესაბამისი მინისტრი ან მინისტრის მოადგილე/მოადგილეები არ იქნება/არ იქნებიან დანიშნული. პარლამენტის წევრის, ფრაქციის, კომიტეტის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ან ამომრჩეველთა მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე მომხსენებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი პირი, ხოლოამომრჩეველთა მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე თანამომხსენებლად გამოდის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენელი.

3. საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშნული პირი არ შეიძლება იყოს პარლამენტის წევრი.

4. პარლამენტის წევრის, ფრაქციის ან კომიტეტის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე თანამომხსენებლად გამოდის საქართველოს მთავრობის შესაბამისი წარმომადგენელი.

5. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველი საკითხის განხილვის დაწყებისას სხდომათა დარბაზში მომხსენებლის არყოფნის შემთხვევაში საკითხი იხსნება ამ პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან და გადადის მომდევნო პლენარული სხდომის დღის წესრიგში, ხოლო თანამომხსენებლის არყოფნა არ აბრკოლებს საკითხის განხილვას.

6. საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას პრეზიდენტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში შენიშვნები განიხილება პრეზიდენტის წარმომადგენლის მოხსენებისა და კითხვა-პასუხის ეტაპების გამოტოვებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/100.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/102.md
