---
title: "მუხლი 103. ალტერნატიული კანონპროექტი — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/103"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "103"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 103. ალტერნატიული კანონპროექტი — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 103 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/103

1. პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან კანონპროექტის პირველი მოსმენით საკომიტეტო განხილვის გამართვამდე ამ რეგლამენტით განსაზღვრული საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტმა შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი. ალტერნატიული კანონპროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელიც მას განსახილველად გადასცემს ძირითადი კანონპროექტის განმხილველ წამყვან კომიტეტს. ალტერნატიული კანონპროექტი წამყვანი კომიტეტის სხდომაზე ძირითად კანონპროექტთან ერთად განიხილება.

2. ალტერნატიული კანონპროექტი არსებითად უნდა განსხვავდებოდეს ძირითადი კანონპროექტისგან.

3. წამყვანი კომიტეტი ალტერნატიული კანონპროექტის ინიციატორის თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი შეჯერებული ვარიანტის წარდგენის შესახებ. თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, წარდგენილი იქნება ძირითადი კანონპროექტი და ალტერნატიული კანონპროექტი. პარლამენტი დადგენილებით წყვეტს ერთ-ერთი მათგანის საფუძვლად მიღების ან უარყოფის საკითხს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვის დროს მომხსენებლად გამოდის ჯერ ძირითად კანონპროექტზე მომხსენებელი, ხოლო შემდეგ – ალტერნატიულ კანონპროექტზე მომხსენებელი. თითოეული მომხსენებლის მოხსენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. ამის შემდეგ კენჭი ეყრება შესაბამისი დადგენილების პროექტს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/102.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/104.md
