---
title: "მუხლი 11. პარლამენტის წევრის ზოგადი უფლებები და მოვალეობები — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/11"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "11"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. პარლამენტის წევრის ზოგადი უფლებები და მოვალეობები — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 11 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/11

1. პარლამენტის წევრს უფლება აქვს:
ა) ისარგებლოს ყველა ინფორმაციით, რომლებიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ბ) საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას:
ბ.ა) შეუფერხებლად შევიდეს ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა;
ბ.ბ) უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში;
გ) განახორციელოს საქართველოს კონსტიტუციით, ამ რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

2. პარლამენტის წევრი ვალდებულია:
ა) დაესწროს პარლამენტის პლენარულ, ბიუროს, კომიტეტის, ფრაქციის, დროებითი საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მათ მუშაობაში;
ბ) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, კანონები და ეს რეგლამენტი;
გ) პირადი ინტერესებისთვის არ გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა;
დ) პირადი ინტერესებისთვის არ გამოიყენოს და არ გაამჟღავნოს სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში მიღებული ან შექმნილი ინფორმაცია;
ე) დაიცვას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთათვის საქართველოს კანონმდებლობითა და პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით დადგენილი ქცევის სტანდარტები.

3. პარლამენტის წევრი ვალდებულია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შეავსოს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პერიოდულად და საჭიროების შემთხვევაში აანალიზებს სათანადო ორგანოების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას პარლამენტის წევრის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესახებ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში საკითხს განსახილველად სვამს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

4. პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული ფრაქციაში, იწოდება უფრაქციო პარლამენტის წევრად.
საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 17 დეკემბრის რეგლამენტი №1320 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/12.md
