---
title: "მუხლი 121. საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/121"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "121"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 121. საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 121 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/121

1. პარლამენტი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე.

2. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს პარლამენტი.

3. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში შემავალ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტს, მაგრამ არანაკლებ სამისა, უნდა შეადგენდნენ საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი პარლამენტის წევრები.

4. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში შემავალ პარლამენტის წევრთა წარმომადგენლობითი თანაფარდობის დაცვა სავალდებულო არ არის, თუ კომისიის ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით დაკომპლექტება შეუძლებელია.

5. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში განიხილავს ამ პროექტთან დაკავშირებულ მასალებს და მათი განხილვის დაწყებიდან 1 თვის შემდეგ ადგენს შემაჯამებელ ოქმს.

6. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის მიზნით, მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის პრინციპის გათვალისწინებით, მართავს შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.

7. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მიერ შეხვედრების დაწყებამდე არაუგვიანეს 5 დღისა შეხვედრების გამართვის გრაფიკი ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. შეხვედრების გამართვის გრაფიკში განხორციელებული ცვლილებები დამატებით ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე შესაბამისი შეხვედრის გამართვამდე არაუგვიანეს 2 დღისა.

8. მოსახლეობის ინფორმირების მიზნით საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის არსის შესახებ მოკლე ინფორმაცია თავსდება პარლამენტის ვებგვერდზე, აგრეთვე რიგდება შეხვედრების დროს.

9. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მიერ გამართულ შეხვედრაზე მოქალაქეები მოსაზრებებს წარადგენენ ზეპირად ან/და წერილობით. მოქალაქეთა ზეპირი მოსაზრებები აისახება შეხვედრის ოქმსა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემაჯამებელ ოქმში, ხოლო საყოველთაო-სახალხო განხილვისას წერილობით ან/და ელექტრონულად წარდგენილი მოსაზრებები დაერთვის შემაჯამებელ ოქმს.

10. შეხვედრების ოქმები ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე თითოეული შეხვედრის გამართვიდან არაუგვიანეს 3 დღისა, ხოლო საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემაჯამებელი ოქმი – საყოველთაო-სახალხო განხილვის დასრულებიდან 10 დღის ვადაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/120.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/122.md
