---
title: "მუხლი 149. ინტერპელაცია — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/149"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "149"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 149. ინტერპელაცია — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 149 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/149

1. პარლამენტის მორიგი სესიის მიმდინარეობისას მორიგი სხდომების კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს ან/და ხუთშაბათს ამ მუხლის შესაბამისად იმართება ინტერპელაცია, თუ ეს დღე დეკემბრის რომელიმე დღეს ან პარლამენტის წინაშე საქართველოს პრემიერმინისტრის ყოველწლიური მოხსენებით წარდგომის კვირის რომელიმე დღეს არ ემთხვევა. პარლამენტის მორიგი სესიის მიმდინარეობისას თვის ბოლო მორიგი სხდომების კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს ამ მუხლის შესაბამისად იმართება საქართველოს პრემიერმინისტრის ინტერპელაცია, თუ ეს დღე დეკემბრის ან ივნისის რომელიმე დღეს არ ემთხვევა. ერთი და იგივე სუბიექტი პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით 1 თვის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ წარდგება.

2. ინტერპელაცია ვრცელდება საქართველოს მთავრობაზე, საქართველოს მთავრობის წევრზე, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოზე. ინტერპელაცია იმართება წერილობითი და ზეპირი შეკითხვების დასმის პროცედურით. ინტერპელაციის წესით შეკითხვის დასმის უფლება აქვს ფრაქციას, პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს. შეკითხვის ადრესატი ვალდებულია შეკითხვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უპასუხოს. შეკითხვაზე პასუხის წერილობით წარდგენა სავალდებულო არ არის.

3. პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით წარდგება ის სუბიექტი, რომლის მიმართაც ინტერპელაციის წესით წერილობითი შეკითხვა დაისვა არაუგვიანეს პარლამენტის მორიგი სხდომების კვირის წინა კვირის ოთხშაბათისა. ამ შეკითხვის შინაარსი უნდა იყოს კონკრეტული და უნდა ეხებოდეს შეკითხვის ადრესატის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ საკითხს. აღნიშნული შეკითხვა ჰბარდება პარლამენტის თავმჯდომარეს. პარლამენტის თავმჯდომარე მას გადასცემს შეკითხვის ადრესატს არაუგვიანეს პარლამენტის მორიგი სხდომების კვირის წინა კვირის ხუთშაბათისა. წერილობითი შეკითხვის ავტორს უფლება აქვს, ეს შეკითხვა ნებისმიერ დროს გაითხოვოს. ამ შემთხვევაში აღნიშნულ შეკითხვაზე საპასუხოდ მისი ადრესატი პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით აღარ წარდგება.

4. ინტერპელაციის გამართვის დროს წერილობითი შეკითხვის ავტორსა და ადრესატთან კონსულტაციის საფუძველზე განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო. 1 დღის განმავლობაში გამართული ყველა ინტერპელაციის პროცედურის საერთო ხანგრძლივობა 3 საათს არ უნდა აღემატებოდეს. ეს დრო შეიძლება გახანგრძლივდეს მიმდინარე ინტერპელაციის პროცედურის დასრულებამდე, თუ ამას ღია კენჭისყრით (ხელის აწევით) მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა უმრავლესობა. თუ ივარაუდება, რომ ინტერპელაციის წესით დასმული შეკითხვების რაოდენობის გამო ამ პუნქტით გათვალისწინებული 3-საათიანი ვადის დაცვა შეუძლებელია, პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია შეამციროს ამ მუხლით განსაზღვრული დრო და დაადგინოს სხვა განრიგი ან შეკითხვების ნაწილზე საპასუხოდ ინტერპელაციის პროცედურა ინტერპელაციის სხვა დღეს გადაიტანოს.

5. (ამოღებულია - 10.06.2026, №1683).

6. (ამოღებულია - 10.06.2026, №1683).

7. (ამოღებულია - 10.06.2026, №1683).

8. (ამოღებულია - 10.06.2026, №1683).

9. (ამოღებულია - 10.06.2026, №1683).

10. (ამოღებულია - 10.06.2026, №1683).

11. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად შეკითხვის ავტორს ეძლევა 5 წუთი, ხოლო შემდეგ შეკითხვის ადრესატს – 10 წუთი, რომელიც შეიძლება გააგრძელოს პლენარული სხდომის თავმჯდომარემ. შეკითხვის ერთი ადრესატის მიმართ რამდენიმე შეკითხვის არსებობისას შეკითხვები ინტერპელაციის ერთ პროცედურაში ერთიანდება. ამ შემთხვევაში შეკითხვის ადრესატი შეკითხვებს ყველა შეკითხვის დასმის შემდეგ უპასუხებს.

12. შეკითხვის ავტორს უფლება აქვს, შეკითხვის ადრესატს დამაზუსტებელი კითხვით მიმართოს ერთხელ, არაუმეტეს 2 წუთით. ყველა დამაზუსტებელი კითხვის დასმის შემდეგ შეკითხვის ადრესატს პასუხის დაზუსტებისთვის ეძლევა 5 წუთი, რომელიც შეიძლება გააგრძელოს პლენარული სხდომის თავმჯდომარემ.

13. ინტერპელაციის წესით წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ თითოეულ ფრაქციას ან პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს ეძლევა უფლება, დასვას არაუმეტეს 2 ზეპირი შეკითხვა, რომლებიც შეიძლება არ იყოს დაკავშირებული წერილობითი შეკითხვების თემატიკასთან, თუმცა უნდა შეეხებოდეს ადრესატის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ საკითხს.

14. ერთი ზეპირი შეკითხვის დასასმელად შეკითხვის ავტორს ეძლევა 2 წუთი. ადრესატი შეკითხვებს ყველა შეკითხვის დასმის შემდეგ უპასუხებს. ზეპირ შეკითხვაზე პასუხის მოსამზადებლად ცხადდება შესვენება 15 წუთით. თუ ადრესატს არ სურს შესვენებით სარგებლობა, შესვენება არ ცხადდება. ადრესატს ყველა შეკითხვაზე პასუხის გასაცემად ეძლევა 10 წუთი, რომელიც შეიძლება გააგრძელოს პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარემ.

15. ზეპირ შეკითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ დებატებისთვის თითოეულ ფრაქციას ეძლევა 10 წუთი, ხოლო პარლამენტის ყოველ უფრაქციო წევრს − 1 წუთი. თავდაპირველად სიტყვით გამოდიან უფრაქციო პარლამენტის წევრები, ხოლო შემდეგ − ფრაქციების წევრთა რაოდენობის ზრდადობის მიხედვით ფრაქციათა წარმომადგენლები. ფრაქცია მისთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავს გამომსვლელთა რაოდენობას. გამომსვლელისთვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია. დებატების შემდეგ შეკითხვის ადრესატს ეძლევა 5 წუთი დასკვნითი გამოსვლისთვის.

16. ინტერპელაციის წესით დასმული შეკითხვა მომდევნო მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გათხოვილად ჩაითვლება.
საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/148.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/150.md
