---
title: "მუხლი 167. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ საჯარო ანგარიში — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/167"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "167"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 167. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ საჯარო ანგარიში — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 167 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/167

1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15 აპრილისა, პარლამენტს წარუდგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ საჯარო ანგარიშს.

2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა სავალდებულოა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის განხილვის შემდეგ პარლამენტის დადგენილების მიღების შემთხვევაში პარლამენტი ამ დადგენილებით აფასებს აღნიშნული სამსახურის საქმიანობას. პარლამენტის დადგენილებაში შეიძლება მიეთითოს ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრასთან ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და წინადადებები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების შესრულებას ზედამხედველობს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი.

4. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია დაესწროს პარლამენტის, მისი კომიტეტისა და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს შესაბამის სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარმოდგენის მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვალდებულია ანგარიში მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში წარმოადგინოს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/166.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/168.md
