---
title: "მუხლი 168. საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/168"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "168"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 168. საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 168 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/168

1. საქართველოს გენერალური პროკურორი წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15 მაისისა, პარლამენტს წარუდგენს საქართველოს პროკურატურის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს, რომელიც ეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს. ანგარიში არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა სავალდებულოა. საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის განხილვის შემდეგ პარლამენტის დადგენილების მიღების შემთხვევაში პარლამენტი ამ დადგენილებით აფასებს საქართველოს პროკურატურის საქმიანობას. პარლამენტის დადგენილებაში შეიძლება მიეთითოს ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრასთან ან/და საქართველოს პროკურატურის საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და წინადადებები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების შესრულებას ზედამხედველობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.

4. საქართველოს გენერალური პროკურორი, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია დაესწროს პარლამენტის, მისი კომიტეტისა და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს შესაბამის სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. აღნიშნული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს განსახილველი საკითხის/საკითხების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას. სხდომაზე მოწვეულ საქართველოს გენერალურ პროკურორს, მის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს უფლება აქვს, არ ისაუბროს იმ საკითხების გარშემო, რომლებიც მისთვის წინასწარ არ ყოფილა ცნობილი. ამასთანავე, გენერალურ პროკურორს, მის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს არ შეიძლება დაესვას კითხვა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

5. გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარმოდგენის მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს გენერალური პროკურორი, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე ვალდებულია ანგარიში მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში წარმოადგინოს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/167.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/169.md
