---
title: "მუხლი 175. პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშის განხილვა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/175"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "175"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 175. პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშის განხილვა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 175 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/175

1. პარლამენტი მისთვის წარდგენილ ანგარიშს განიხილავს ამ მუხლით დადგენილი წესით, თუ ამ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამ მუხლის მიზნებისთვის პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშად მიიჩნევა მხოლოდ არასაპარლამენტო სუბიექტის ის წერილობითი ანგარიში, რომლის პარლამენტისთვის წარდგენის მოვალეობასაც უშუალოდ ითვალისწინებს საქართველოს საკანონმდებლო აქტი.

2. ანგარიშს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე.

3. პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას ანგარიშის განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე, განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს და ანგარიშის საპარლამენტო განხილვის ვადებს. ამის შემდეგ ანგარიში განსახილველად გადაეცემა წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებსა და ფრაქციებს.

4. პარლამენტის კომიტეტები და ფრაქციები პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადასცემენ წამყვან კომიტეტს ანგარიშის თაობაზე თავიანთ შენიშვნებს.

5. წამყვანი კომიტეტი პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში კომიტეტის სხდომაზე განიხილავს ანგარიშს, ამზადებს დასკვნას და მას პარლამენტის ბიუროს წარუდგენს.

6. ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას წამყვანი კომიტეტის, ფრაქციის ან პარლამენტის ბიუროს წევრის მოთხოვნის საფუძველზე მხარს დაუჭერს პარლამენტის ბიურო. წამყვან კომიტეტს უფლება აქვს, ეს მოთხოვნა ასახოს ანგარიშის შესახებ თავის დასკვნაში, ხოლო ფრაქციას, პარლამენტის ბიუროს წევრს უფლება აქვს, პარლამენტის ბიუროს აღნიშნული მოთხოვნით მიმართოს წამყვანი კომიტეტის მიერ ანგარიშის შესახებ თავისი დასკვნის პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენიდან არაუგვიანეს 2 კვირისა. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ ანგარიშზე, რომლის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის ვალდებულებაც ამ რეგლამენტიდან გამომდინარეობს.

7. (ამოღებულია - 10.06.2026, №1683).

8. ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში იგი განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით.

9. ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში ანგარიშის თაობაზე მომხსენებლად გამოდის შესაბამისი თანამდებობის პირი ან შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი. საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ანგარიშის თაობაზე მომხსენებლად გამოდის საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის მიერ სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მომხსენებლად შესაბამისი მინისტრი ან მინისტრის მოადგილე/მოადგილეები არ არის/არ არიან დანიშნული. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშის თაობაზე თანამომხსენებლად გამოდის წამყვანი კომიტეტის მიერ დანიშნული წარმომადგენელი.

10. ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში მისი განხილვის დასრულების შემდეგ პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს შესაბამისი დადგენილება.

11. პარლამენტი მისთვის წარდგენილ მოხსენებას, მიმოხილვას, ინფორმაციას განიხილავს ამ მუხლით დადგენილი წესით, თუ ამ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამ მუხლის მიზნებისთვის პარლამენტისთვის წარდგენილ მოხსენებად, მიმოხილვად, ინფორმაციად მიიჩნევა მხოლოდ არასაპარლამენტო სუბიექტის ის წერილობითი მოხსენება, მიმოხილვა, ინფორმაცია, რომლის პარლამენტისთვის წარდგენის მოვალეობასაც უშუალოდ ითვალისწინებს საქართველოს საკანონმდებლო აქტი.
საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 17 დეკემბრის რეგლამენტი №1320 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.
საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 4 მარტის რეგლამენტი №1378 – ვებგვერდი, 05.03.2026წ.
საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/174.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/176.md
