---
title: "მუხლი 181. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/181"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "181"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 181. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 181 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/181

1. პარლამენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა არჩევის საკითხის განმხილველი კომიტეტია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის საქართველოს კონსტიტუციის ან/და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ქმნის ამ რეგლამენტის 48-ე მუხლით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფს.

3. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პარლამენტის ბიუროს მიერ მისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ასარჩევად წარდგენის შესახებ წარდგინების გადაცემიდან 3 დღის ვადაში ქმნის ამ რეგლამენტის 48-ე მუხლით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფს.

4. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პარლამენტის ბიუროს მიერ მისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ასარჩევად წარდგენის შესახებ წარდგინების გადაცემიდან 1 კვირის ვადაში უზრუნველყოფს ამ წარდგინებისა და თანდართული მასალების კომიტეტის ყველა წევრისთვის გაგზავნას. აღნიშნული წარდგინება და თანდართული მასალები ეგზავნება აგრეთვე სხვა პარლამენტის წევრს მისი მოთხოვნის შემთხვევაში.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების კომიტეტის ყველა წევრისთვის გაგზავნიდან არაუადრეს 1 კვირისა საჯარო სხდომაზე უსმენს თითოეულ კანდიდატს. კანდიდატების მოსმენა და კითხვა-პასუხი იმართება სათითაოდ.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენის პროცედურას კომიტეტთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე.

7. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა ერთი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ფარგლებში შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

9. თუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად დასახელებულმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისთვის საჭირო, საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული რაოდენობის ხმები, პარლამენტს წარედგინება ახალი კანდიდატურა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/180.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/182.md
