---
title: "მუხლი 198. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატის წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/198"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "198"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 198. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატის წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 198 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/198

1. პარლამენტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების (შემდგომ − რომის წესდება) შესაბამისად, ამ მუხლით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად 1 კანდიდატის წარდგენის თაობაზე. ამ მიზნით საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს საქართველოს მთავრობის მიერ შერჩეულ ერთ ან ერთზე მეტ კანდიდატს (შემდგომ − მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატი).

2. მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატის წარდგინება თანდართულ მასალებთან ერთად გადაეცემა პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე.

3. პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატად წარდგენის საკითხის განმხილველ კომიტეტს/კომიტეტებს.

4. ამ მუხლით დადგენილი წესით განსაზღვრული კომიტეტი კომიტეტის საჯარო სხდომაზე უსმენს მთავრობის მიერ შერჩეულ მოსამართლეობის კანდიდატს და ადგენს ამ კანდიდატის რომის წესდების მოთხოვნებთან შესაბამისობას. მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატი ვალდებულია კომიტეტს სრულყოფილად მიაწოდოს მისი რომის წესდების მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად საჭირო ინფორმაცია. კომიტეტი უფლებამოსილია გადაამოწმოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია ან/და მოიძიოს სხვა საჭირო ინფორმაცია.

5. კომიტეტი მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატის კომიტეტის სხდომაზე მოსმენის შემდეგ შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნა მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომიტეტის დასკვნა უნდა შეიცავდეს კომიტეტის რეკომენდაციას მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატის მიმართ. კომიტეტის დასკვნა პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად წარედგინება პარლამენტის ბიუროს და ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.

6. პარლამენტი მთავრობის მიერ შერჩეულ მოსამართლეობის კანდიდატს კენჭს უყრის პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე. კენჭისყრის წინ პლენარული სხდომის თავმჯდომარე პარლამენტს აცნობს მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატის ვინაობას და მის წერილობით თანხმობას. მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატად წარდგენილი იქნება, თუ კენჭისყრისას მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ პარლამენტისთვის წარდგენილია მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის ერთზე მეტი კანდიდატი, მათ ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატად წარდგენილი იქნება მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის ის კანდიდატი, რომელიც კენჭისყრისას მიიღებს პარლამენტის წევრთა მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა. თუ კენჭისყრისას ხმების საუკეთესო რაოდენობა მთავრობის მიერ შერჩეულმა მოსამართლეობის ერთზე მეტმა კანდიდატმა თანაბრად მიიღო, ამასთანავე, ეს რაოდენობა პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტია, მათ ხელახლა ეყრებათ კენჭი. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატად წარდგენილი იქნება მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის ის კანდიდატი, რომელიც კენჭისყრისას მიიღებს პარლამენტის წევრთა მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა.

7. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრის შედეგად მთავრობის მიერ შერჩეულმა მოსამართლეობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატად წარდგენისთვის საჭირო რაოდენობის პარლამენტის წევრთა ხმები, საქართველოს მთავრობის შესაბამისი წარდგინების საფუძველზე ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურა ხელახლა იწყება.

8. მთავრობის მიერ შერჩეულ მოსამართლეობის კანდიდატს უფლება აქვს, ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის მიმდინარეობისას ნებისმიერ დროს წერილობით თქვას უარი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატად წარდგენაზე. ასეთ შემთხვევაში ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურა აღნიშნული კანდიდატის მიმართ წყდება, ხოლო თუ იგი ერთადერთი კანდიდატი იყო, საქართველოს მთავრობის შესაბამისი წარდგინების საფუძველზე ეს პროცედურა ხელახლა იწყება.

9. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატის წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად ერთი და იმავე კანდიდატურის ერთი და იმავე მოწვევის პარლამენტისთვის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/197.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/199.md
