---
title: "მუხლი 20. პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის წესი — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/20"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "20"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის წესი — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 20 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/20

1. პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით, პარლამენტის წევრთაგან ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს.

2. პარლამენტის თავმჯდომარის თითო კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ფრაქციას, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს.

3. პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელების შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას დასახელების რიგითობის მიხედვით. კანდიდატთა დასახელების შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე აქვეყნებს კანდიდატთა სიას და კანდიდატებისგან ითხოვს თანხმობას, კენჭი იყარონ აღნიშნულ თანამდებობაზე.

4. პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოხსნას თავისი კანდიდატურა ნებისმიერ დროს, მათ შორის, ყოველი კენჭისყრის წინ.

5. პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისთვის ეძლევა 20 წუთი და შესაბამისი დრო დასმულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად, რის შემდეგაც იწყება კამათი, რომელიც მიმდინარეობს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით.

6. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

7. თუ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისას 1 ან 2 კანდიდატი მონაწილეობს, კენჭისყრა იმართება ელექტრონული სისტემით ერთდროულად (პირველად დასახელებულ კანდიდატს ხმა მიეცემა „მომხრე“ ღილაკით, მეორედ დასახელებულს – „წინააღმდეგი“ ღილაკით), ხოლო თუ 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობს, კენჭისყრა იმართება ბიულეტენებით.

8. თუ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისას 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.

9. თუ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისას 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.

10. თუ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისას 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს.

11. კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი კენჭისყრა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/21.md
