---
title: "მუხლი 204. იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/204"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "204"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 204. იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 204 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/204

1. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.

2. იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის წერილობით მოთხოვნაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს:
ა) იმ ქმედების აღწერა, რომელიც, საკითხის აღძვრის ინიციატორთა აზრით, იმპიჩმენტის საფუძველია;
ბ) საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, საკითხის აღძვრის ინიციატორთა აზრით, არღვევს თანამდებობის პირი, ან/და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი/მუხლები, რომლით/რომლებით გათვალისწინებული დანაშაულიც, საკითხის აღძვრის ინიციატორთა აზრით, ჩაიდინა თანამდებობის პირმა;
გ) მტკიცებულებანი, რომლებიც, საკითხის აღძვრის ინიციატორთა აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას.

3. თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრისთვის კონსტიტუციური წარდგინების შედგენის შემდეგ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტისთვის შესაბამისი წარდგინების გადაცემიდან 3 დღის ვადაში აღნიშნული კომიტეტი ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და ადგენს სათანადო დასკვნას.

4. თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის ინიციატორებმა საკითხის აღძვრიდან 7 დღის ვადაში დასკვნისთვის კონსტიტუციური წარდგინებით უნდა მიმართონ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

5. დაუშვებელია პარლამენტის მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის წარდგენილი ბრალდების განხილვა ან გადაწყვეტილების მიღება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს. ასეთ შემთხვევაში პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტისთვის წარდგენილი ბრალდების განხილვას იწყებს/აგრძელებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ უახლოესი (მორიგი ან რიგგარეშე) სესიის პირველსავე სხდომაზე.

6. თუ თანამდებობის პირი, რომლის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხიც აღიძრა, გადადგა ან გაათავისუფლეს თანამდებობიდან, მის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა წყდება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/203.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/205.md
