---
title: "მუხლი 212. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლება — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/212"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "212"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 212. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლება — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 212 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/212

1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უფლება აქვს, დასვას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, თუ ანგარიშის მოსმენისას გამოიკვეთა ასეთი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში ინიციატორებმა უნდა მიუთითონ ზემოაღნიშნული საკითხის დასმის მიზეზები/საფუძვლები. პარლამენტი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავს და კენჭს უყრის უახლოეს პლენარულ სხდომაზე, მისი დასმიდან არაუადრეს 2 დღისა. შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

2. საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერებისა და პარლამენტისთვის მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის წარდგენის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულების მიღებიდან 2 კვირის ვადაში პარლამენტი პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დასკვნის საფუძველზე, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს და სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. თუ აღნიშნულ ვადაში კენჭისყრა არ ჩატარდა და ამ ვადის ბოლო დღე დაემთხვა იმ დღეს, როდესაც პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომა არ იმართება, კენჭისყრა უახლოეს პლენარულ სხდომაზე ჩატარდება. თუ პარლამენტმა ზემოაღნიშნული პროცედურით განსაზღვრულ ვადაში არ მიიღო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება ძალადაკარგულად ითვლება.

3. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას პარლამენტი უფლებამოსილია პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დასკვნის საფუძველზე, ამ დასკვნის მისთვის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი და სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. თუ აღნიშნულ ვადაში კენჭისყრა არ ჩატარდა და ამ ვადის ბოლო დღე დაემთხვა იმ დღეს, როდესაც პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომა არ იმართება, კენჭისყრა უახლოეს პლენარულ სხდომაზე ჩატარდება. თუ კენჭისყრა კვლავ არ ჩატარდა, ზემოაღნიშნული საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილად ითვლება.

4. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ ან „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფაქტის გამოვლენიდან ან ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 1 კვირის ვადაში ამ რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-9, მე-10 ან მე-11 პუნქტის შესაბამისად შეისწავლის აღნიშნული ფაქტის ნამდვილობის საკითხს და სათანადო დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ აღნიშნული ფაქტის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში ამ ფაქტის დადგომის მომენტიდან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს უფლებამოსილება უწყდება.

4¹. გადადგომის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტს და გადაეცემა პარლამენტის ბიუროს. გადადგომის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წერილობითი განცხადების პარლამენტისთვის წარდგენის მომენტიდან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს უფლებამოსილება უწყდება.

5. თუ პარლამენტმა ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, მომდევნო 6 თვის განმავლობაში იმავე მიზეზით/საფუძვლით მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განმეორებით დასმა არ შეიძლება.
საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/211.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/213.md
