---
title: "მუხლი 36. კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტის წესი — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/36"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "36"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36. კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტის წესი — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 36 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/36

1. კომიტეტის თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს პარლამენტმა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – კომიტეტმა, თუ ამას მოითხოვს პარლამენტის თავმჯდომარე, ბიურო, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედი, აგრეთვე კომიტეტის თავმჯდომარის შემთხვევაში – შესაბამისი კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შემთხვევაში – შესაბამისი კომიტეტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი.

2. გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომიტეტის თავმჯდომარის შემთხვევაში − პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შემთხვევაში – კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

3. კომიტეტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გადადგეს. გადადგომის შესახებ მისი წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის ბიუროს. გადადგომის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარის წერილობითი განცხადების პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენის მომენტიდან ამ კომიტეტის თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება.

4. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გადადგეს. გადადგომის შესახებ მისი წერილობითი განცხადება წარედგინება შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარე ამის შესახებ აცნობებს კომიტეტს, რაც აისახება კომიტეტის სხდომის ოქმში. გადადგომის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის წერილობითი განცხადების კომიტეტის თავმჯდომარისთვის წარდგენის მომენტიდან კომიტეტის თავმჯდომარის ამ მოადგილეს უფლებამოსილება უწყდება.

5. ამ რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გამოიწვიოს მისი წარდგენით არჩეული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარე ამის შესახებ აცნობებს კომიტეტს, რაც აისახება კომიტეტის სხდომის ოქმში. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის თაობაზე წერილობითი განცხადების კომიტეტის თავმჯდომარისთვის წარდგენის მომენტიდან კომიტეტის თავმჯდომარის ამ მოადგილეს უფლებამოსილება უწყდება.

6. თუ პარლამენტის წევრი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულია ფრაქციის კვოტით და შეუწყდება ამ ფრაქციის წევრის სტატუსი, მას შეუწყდება კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებაც.
საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/37.md
