---
title: "მუხლი 60. დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის საფუძვლები — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/60"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "60"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 60. დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის საფუძვლები — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 60 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/60

1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას პარლამენტში იქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით. დროებითი საგამოძიებო კომისია არის საპარლამენტო საქმიანობის დროებითი სუბიექტი.

2. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია:
ა) ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს;
ბ) ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ.

3. დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესასწავლად და უქმდება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, საკითხის შესწავლისთანავე.

4. დროებითი საგამოძიებო კომისია ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე.

5. დროებითი საგამოძიებო კომისია შეიმუშავებს დებულებას, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/59.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/61.md
