---
title: "მუხლი 63. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარისა და დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა და უფლებამოსილების შეწყვეტა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/63"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "63"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 63. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარისა და დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა და უფლებამოსილების შეწყვეტა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 63 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/63

1. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს კომისიის წევრთაგან, კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომისია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს კომისიის წევრთა ერთ მესამედზე მეტს.

3. თუ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე უმრავლესობის წევრია, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე არ შეიძლება იყოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ხოლო თუ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე არ არის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის არჩევისას 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ამ ორ კანდიდატს შორის იმართებამეორე ტური. მეორე ტურში არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მეტი ხმა მიიღო. ხმების თანაბრად გაყოფისას არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.

5. თუ ამ მუხლით დადგენილი წესით დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ვერ აირჩა, იგი აირჩევა წილისყრით.

6. დროებით საგამოძიებო კომისიას კომისიის სიითი შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის ინიციატივით უფლება აქვს, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ნებისმიერ დროს თანამდებობიდან გადააყენოს კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება დროებით საგამოძიებო კომისიას.

8. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებებისა და ინფორმაციის შესახებ უნდა აცნობოს პარლამენტის ბიუროს.
საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/62.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/64.md
