---
title: "მუხლი 65. დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/65"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "65"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 65. დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 65 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/65

1. დროებითი საგამოძიებო კომისია შეიძლება შეიქმნას არაუმეტეს 3 თვის ვადით. დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით შეიძლება გაგრძელდეს თითო თვით. დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

2. თუ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დადგენილ ვადაში ვერ წარმოადგინა განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილების პროექტი, პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე ისმენს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს და მის საფუძველზე სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ;
ბ) კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

3. თუ შესაბამისი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა დაუშვებელია. პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე ყველა დროებით საგამოძიებო კომისიას უწყდება უფლებამოსილება. დროებითი საგამოძიებო კომისია ვალდებულია აღნიშნულ დრომდე წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. თუ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ამ დრომდე ვერ მოამზადა განსახილველ საკითხზე დასკვნა, კომისიის მიერ მოპოვებული მასალა და შესაბამისი ანგარიში გადაეცემა ახალი მოწვევის პარლამენტს, რომელიც ამ რეგლამენტის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას საკითხის შემდგომი შესწავლისა და განხილვის შესახებ.

4. დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ საქმიანობის დასრულების შემდეგ ამ საქმიანობასთან დაკავშირებული მასალები კანონით დადგენილი წესით გადაეცემა პარლამენტის აპარატს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/64.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/66.md
