---
title: "მუხლი 77. დროებითი კომისიის სხდომა, სხდომის ოქმი — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/77"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "77"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 77. დროებითი კომისიის სხდომა, სხდომის ოქმი — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 77 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/77

1. დროებითი კომისიის სხდომებს იწვევს დროებითი კომისიის თავმჯდომარე.

2. დროებითი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დროებითი კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. დროებითი კომისია გადაწყვეტილებას იღებს დროებითი კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თუ ამ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი კენჭისყრა. თუ გადაწყვეტილება კვლავ არ იქნა მიღებული, საკითხი უარყოფილად ითვლება.

3. დროებითი კომისიის სხდომის გამართვის თარიღი და დღის წესრიგი დროებითი კომისიის წევრებს წინასწარ ეცნობება. აღნიშნული ინფორმაცია სხდომის თარიღის დანიშვნისთანავე განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე.

4. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ დროებითი კომისიის წევრს დროებით არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს დროებითი კომისიის მუშაობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს, აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით. ამის შესახებ ფრაქცია დროებითი კომისიის სხდომამდე წერილობით აცნობებს დროებითი კომისიის თავმჯდომარეს.

5. დროებითი კომისიის სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ სხვა პარლამენტის წევრები და მოწვეული პირები. საჯარო სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით.

6. დროებითი კომისიის წევრის წინადადებით დროებით კომისიას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება დახურული სხდომის გამართვის შესახებ. დროებითი კომისიის სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დახურული წესით. დროებითი კომისიის დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს დროებითი კომისიის თავმჯდომარე.

7. დროებითი კომისიის სხდომის პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას გამართვა დაუშვებელია.

8. დროებითი კომისიის მუშაობა აისახება დროებითი კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს დროებითი კომისიის თავმჯდომარე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/76.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/78.md
