---
title: "მუხლი 90. ხმის მიცემა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/90"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "90"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 90. ხმის მიცემა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 90 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/90

1. კენჭისყრის პროცედურის დაწყების სავარაუდო დროს პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე აცხადებს სხდომის გახსნისთანავე.

2. კენჭისყრის პროცედურის ჩატარების მიზნით, პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია მიმდინარე საკითხის განხილვის შეჩერება.

3. კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, გააკეთოს განცხადება. მისი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.

4. კენჭისყრის პროცედურის დაწყების წინ ტარდება პარლამენტის წევრთა რეგისტრაცია. თუ პარლამენტის პლენარულ სხდომას არ ესწრება სხდომის უფლებამოსილების დადგენისთვის საჭირო პარლამენტის წევრთა რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე აცხადებს გადადებული კენჭისყრის ჩატარების დროს.

5. თუ შემოვიდა წინადადება კენჭისყრის გადადების შესახებ, მას პირველ რიგში ეყრება კენჭი. გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა.

6. კენჭისყრის პროცედურის ჩატარებისას 1-წუთიანი გამოსვლა დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის პროცედურულ საკითხზე. ამასთანავე, ფრაქციას უფლება აქვს, კენჭისყრის პროცედურულ საკითხზე 1-წუთიანი გამოსვლით ისარგებლოს ორჯერ, ხოლო უფრაქციო პარლამენტის წევრს – ერთხელ.

7. ფრაქციის მოთხოვნით, კენჭისყრის პროცედურის დაწყების წინ შეიძლება გამოცხადდეს შესვენება მხოლოდ ერთხელ, 5 წუთით.

8. პარლამენტის წევრი ხმას პირადად აძლევს. ხმის მიცემის უფლებისა და ხმის მისაცემი ბარათის სხვისთვის გადაცემა დაუშვებელია.

9. თუ პარლამენტის წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, მას უფლება არა აქვს, ამ საკითხზე ხმა კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ მისცეს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/89.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/91.md
