---
title: "მუხლი 13. საგაკოტრებო შეზღუდვები — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/13"
law: "გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
article: "13"
identifier: "286"
adopted: "1996-06-25"
consolidated_as_of: "2007-03-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-08-15"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 13. საგაკოტრებო შეზღუდვები — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

> Text consolidated as of 2007-03-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-08-15.
> Cite as: გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2007-03-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/13

1. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე ვალაუვალი მოვალე კარგავს გაკოტრების მასის განკარგვისა და მართვის უფლებას. თუ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული საქმის წარმოების გახსნის დრო, მაშინ გახსნის მომენტად ჩაითვლება გადაწყვეტილების მიღების დღის 12 საათი.

2. გაკოტრების მმართველმა უნდა მართოს და განკარგოს გაკოტრების მასა და მოვალის მფლობელში ან სარგებლობაში არსებული მოძრავი ქონება, მიწის ნაკვეთები ან შენობები გარდა იმ ქონებისა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ ექვემდებარება იძულებით აღსრულებას, იძულებით აუქციონს, ყადაღის დადებასა და სეკვესტრს .

3. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნისთანავე ძალას კარგავს ვალაუვალი მოვალის წინააღმდეგ ცალკეულ კრედიტორთა სასარგებლოდ დაწყებული, მაგრამ დაუსრულებელი იძულებითი აღსრულების ღონისძიებები. იძულებითი სააღსრულებლო წარმოება გადაეცემა გაკოტრების საქმის განმხილველ სასამართლოს.

4. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის განჩინების გამოქვეყნების შემდეგ ვალაუვალი მოვალის მიმართ ვალდებულების შესრულება ბათილია, თუ შედეგი არ შევა გაკოტრების მასაში. შესრულება განხორციელებულად ჩაითვლება, თუ შემსრულებელი დაამტკიცებს, რომ მისთვის ცნობილი არ ყოფილა გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

5. გაკოტრების საქმის წარმოებისას ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ შეიძლება ზოგადად განაცხადოს გაკოტრების მმართველმა ან ცალკეულმა კრედიტორმა გაკოტრების მმართველის მიმართ. დაუშვებელია კრედიტორმა ან გაკოტრების მმართველმა მოითხოვოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, თუ გაქვითვის გარემოება წარმოიშვა გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემდეგ. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა იმ შემთხვევაშიც გამოირიცხება, თუ კრედიტორმა ისეთ გარემოებებში შეიძინა მოთხოვნა, რომელიც შეცილებადი იქნებოდა ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41
საქართველოს 2002 წლის 14 თებერვლის კანონი №1286 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.20

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/14.md
