---
title: "მუხლი 7. გაკოტრების განცხადების განხილვის წარმოება — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/7"
law: "გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
article: "7"
identifier: "286"
adopted: "1996-06-25"
consolidated_as_of: "2007-03-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-08-15"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 7. გაკოტრების განცხადების განხილვის წარმოება — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

> Text consolidated as of 2007-03-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-08-15.
> Cite as: გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2007-03-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/7

1. გაკოტრების განცხადების წარმოებაში მიღებიდან 45 დღის ვადაში სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის საკითხი, გამოარკვიოს გაკოტრების საქმის წარმოებისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, რისთვისაც შეუძლია აგრეთვე დაკითხოს მოწმეები, მოიწვიოს ექსპერტები და მოუსმინოს მოვალეს. სასამართლოს შეუძლია დასაბუთებული განჩინებით ეს ვადა გააგრძელოს ერთი თვით. ვადის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ ორჯერ.

2. სასამართლომ მოწვეულ ექსპერტს შეიძლება დაავალოს, დაადგინოს:
ა) არსებობს თუ არა გაკოტრების საფუძველი ამ კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად;
ბ) საკმარისია თუ არა მოვალის ქონება წარმოების ხარჯების დასაფარავად ამ კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად;
გ) შეიძლება თუ არა შედეგიანად გაგრძელდეს მოვალის საწარმოს საქმიანობა თუ საჭიროა საწარმოს დახურვა.

3. სასამართლომ უნდა იზრუნოს, რომ გაკოტრების განცხადების განხილვის წარმოებისას მოვალის ქონება არ შემცირდეს მოვალის, მისი კრედიტორების ან მესამე პირების მიერ. გაკოტრების მასის უზრუნველყოფის მიზნით სასამართლომ შეიძლება დანიშნოს აგრეთვე გაკოტრების დროებითი მმართველი. გაკოტრების დროებითი მმართველი ზედამხედველობას უწევს მოვალის ქონებას და ამ ქონებასთან დაკავშირებულ მოვალის ქმედებებს. მოვალეს გაკოტრების დროებით მმართველთან შეთანხმების გარეშე უფლება არა აქვს განკარგოს ქონება. დადგენილება, რომლის საფუძველზედაც მოვალეს ეზღუდება ქონების განკარგვის უფლება და იგი გადაეცემა გაკოტრების დროებით მმართველს, უნდა გამოქვეყნდეს ამ კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად.

4. გაკოტრების განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებით დროებით შეჩერდება მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება, ხოლო იძულებითი აღსრულების სხვა ღონისძიებების განხორციელება არ დაიშვება. ეს განჩინება უნდა ჩაბარდეს მოვალეს, განმცხადებელ კრედიტორსა და სააღსრულებო ორგანოს.
საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/6-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/8.md
