---
title: "მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/1"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 6561538"
adopted: "2025-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/1

1. ეს კანონი განსაზღვრავს:
ა) უცხოელისა და იმ მოქალაქეობის არმქონე პირის, რომელიც არ არის საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი (შემდგომ – მოქალაქეობის არმქონე პირი), საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლასა და ყოფნას, რომლებმაც ამ კანონის შესაბამისად მოითხოვეს საერთაშორისო დაცვა, აგრეთვე მათ მიმართ მოპყრობის სტანდარტებს;
ბ) თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, დამატებითი დაცვის მქონე პირისა და დროებითი დაცვის მქონე პირის სამართლებრივ მდგომარეობას, უფლებებს, მოვალეობებსა და სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს;
გ) უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საქართველოში ლტოლვილის სტატუსის, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმებისა და ჩამორთმევის, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებისა და შესაბამისი სტატუსიდან გამორიცხვის საფუძვლებსა და პროცედურებს;
დ) საერთაშორისო დაცვის სფეროში პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების უფლებამოსილებებს.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის იმ საფუძვლით მინიჭებაზე, რომელიც არ არის დაკავშირებული საერთაშორისო დაცვის საჭიროებასთან და განპირობებულია თანაგრძნობითა და ჰუმანიტარული მიზეზით.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/2.md
