---
title: "მუხლი 58. უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან, თავშესაფრის მაძიებელთან ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან კომუნიკაციის განხორციელებისა და მისთვის სამინისტროს გადაწყვეტილების ჩაბარების წესი — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/58"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "58"
identifier: "matsne 6561538"
adopted: "2025-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 58. უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან, თავშესაფრის მაძიებელთან ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან კომუნიკაციის განხორციელებისა და მისთვის სამინისტროს გადაწყვეტილების ჩაბარების წესი — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 58 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/58

1. უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან, თავშესაფრის მაძიებელთან ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან კომუნიკაცია ხორციელდება სათანადო შეტყობინების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსებით. სამინისტროს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის, თავშესაფრის მაძიებლისთვის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა ამ გადაწყვეტილების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან. აღნიშნული შეტყობინების ან გადაწყვეტილების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსების შესახებ ინფორმაცია უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეგზავნება მის მიერ ბოლოს მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე.

2. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი ვალდებულია:
ა) შეინახოს მისთვის გადაცემული მომხმარებლის სახელი და პაროლი;
ბ) მომხმარებლის სახელის ან/და პაროლის დაკარგვის ან სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე შესვლის შეუძლებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს სამინისტროს მომხმარებლის სახელის ან/და პაროლის აღსადგენად;
გ) შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსების შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიღების შემდეგ მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით გაეცნოს ამ შეტყობინებას ან/და გადაწყვეტილებას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, შეტყობინებისა და გადაწყვეტილების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსებასთან დაკავშირებული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, თავშესაფრის მაძიებელზე ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე, რომელმაც საერთაშორისო დაცვა პენიტენციურ დაწესებულებაში ან დროებითი განთავსების ცენტრში მოითხოვა და რომელიც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის იმავე დაწესებულებაში ან ცენტრში იმყოფება. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, სათანადო შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მისთვის გადასაცემად. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება, მას სათანადო შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება პირადად ჰბარდება, რასაც იგი ხელმოწერით ადასტურებს.
[
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, შეტყობინებისა და გადაწყვეტილების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსებასთან დაკავშირებული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, თავშესაფრის მაძიებელზე ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე, რომელმაც საერთაშორისო დაცვა პენიტენციურ დაწესებულებაში ან დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში მოითხოვა ან/და რომელიც სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის იმავე პენიტენციურ დაწესებულებაში ან დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, სათანადო შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მისთვის გადასაცემად. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი დროებითი განთავსების ცენტრში ან დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, მას აღნიშნული შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება პირადად ჰბარდება, რასაც იგი ხელმოწერით ადასტურებს.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
4. ამ კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ვ“−„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღებიდან 15 დღის ვადაში.

5. საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ საქართველოს დატოვების შემთხვევაში მისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება განთავსდება სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ეგზავნება აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ სამინისტროსთვის ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღებიდან 15 დღის ვადაში.
[
5. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ საქართველოს დატოვების შემთხვევაში სამინისტროს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება განთავსდება მის შესაბამის ვებგვერდზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ეგზავნება აგრეთვე უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ სამინისტროსთვის ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღებიდან 15 დღის ვადაში.

5¹. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ, რომელმაც საერთაშორისო დაცვა პენიტენციურ დაწესებულებაში ან დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში მოითხოვა, სამინისტროს მიერ საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე პენიტენციური დაწესებულებიდან ან დროებითი განთავსების ცენტრიდან/დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გათავისუფლების შემთხვევაში 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროში გამოცხადების, მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის (მისი არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობის, საერთაშორისო დაცვის მინიჭების ან მის მინიჭებაზე უარის თქმის ან მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღებიდან 15 დღის ვადაში.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსების წესს ადგენს მინისტრი.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1804  – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/57.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/59.md
