---
title: "მუხლი 60. ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/60"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "60"
identifier: "matsne 6561538"
adopted: "2025-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 60. ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 60 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/60

1. პირს ლტოლვილის სტატუსი შეუწყდება, თუ:
ა) მან მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა;
ბ) მან ნებაყოფლობით ისარგებლა წარმოშობის ქვეყნის დაცვით;
გ) მან წარმოშობის ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვის შემდეგ ნებაყოფლობით კვლავ მოიპოვა მისი მოქალაქეობა;
დ) მან მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და სარგებლობს ამ ქვეყნის დაცვით;
ე) იგი ნებაყოფლობით დამკვიდრდა იმ ქვეყანაში, რომელიც დატოვა ან რომლის ფარგლების გარეთაც იმყოფებოდა დევნის შიშის გამო;
ვ) მას არ შეუძლია უარი თქვას წარმოშობის ქვეყნის დაცვაზე, რადგან გარემოებები, რომელთა გამოც მას ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა, აღარ არსებობს;
ზ) მან სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის შესახებ განცხადებით მიმართა;
თ) მან გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ბინადრობის მოწმობის ვადის გასვლიდან 1 თვეა გასული;
ი) იგი გარდაიცვალა.

2. ლტოლვილზე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება, თუ, წარმოშობის ქვეყანაში მისი ადრინდელი დევნის გათვალისწინებით, მას შეუძლია წარადგინოს ინფორმაცია ამ ქვეყნის დაცვით სარგებლობაზე უარის თქმის დასაბუთებული მიზეზის შესახებ.

3. პირისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტა მასზე გაცემული ბინადრობის მოწმობისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაუქმების საფუძველია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/59.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/61.md
