---
title: "მუხლი 62. საერთაშორისო დაცვის გაუქმების ან ჩამორთმევის საფუძვლები — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/62"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "62"
identifier: "matsne 6561538"
adopted: "2025-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 62. საერთაშორისო დაცვის გაუქმების ან ჩამორთმევის საფუძვლები — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 62 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/62

1. პირს საერთაშორისო დაცვა გაუუქმდება, თუ ცნობილი გახდა, რომ იგი არ აკმაყოფილებდა ამ კანონის მე-15, მე-19 ან 22-ე მუხლის მოთხოვნებს ან/და მან არასწორი ინფორმაცია ან/და ყალბი დოკუმენტაცია წარადგინა, კერძოდ:
ა) პირის მიერ არასწორი ინფორმაციის ან/და ყალბი დოკუმენტაციის წარდგენამ გადამწყვეტი გავლენა მოახდინა მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე;
ბ) გამოიკვეთა ახალი გარემოებები, რომლებიც მიუთითებს, რომ პირს არ უნდა ესარგებლა საერთაშორისო დაცვით;
გ) პირი სხვა ბინადრობის ქვეყნის უფლებამოსილი უწყების მიერ აღიარებულია ისეთი უფლებებისა და მოვალეობების მქონედ, რომლებიც დაკავშირებულია ამ ქვეყნის მოქალაქეობის ფლობასთან, და, შესაბამისად, იგი საერთაშორისო დაცვას არ საჭიროებდა;
დ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა ამ კანონის მე-18, 21-ე ან 24-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება.

2. პირს საერთაშორისო დაცვა ჩამოერთმევა, თუ იგი საერთაშორისო დაცვის მიღების შემდეგ მსჯავრდებულ იქნა საქართველოში განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ანდა ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს ან არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, მის ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს.

3. პირისთვის საერთაშორისო დაცვის გაუქმება ან ჩამორთმევა მასზე გაცემული ბინადრობის მოწმობისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის/სამგზავრო პასპორტის გაუქმების საფუძველია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/61.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/63.md
