---
title: "მუხლი 78. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/78"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "78"
identifier: "matsne 6561538"
adopted: "2025-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 78. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 78 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/78

1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის პიროვნების იდენტიფიცირებას და სამინისტროს აძლევს რეკომენდაციას უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის პოტენციური საფრთხის შექმნის საკითხზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის პოტენციური საფრთხის შექმნა გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს კავშირი აქვს:
ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან;
ბ) სხვა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებთან;
გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან;
დ) სხვა დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან) ან/და შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული გარემოებების შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ისეთი ფორმით უნდა მიეწოდოს, რომ სახელმწიფო საიდუმლოების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესები არ დაზიანდეს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/77.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/79.md
