---
title: "მუხლი 81. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/81"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "81"
identifier: "matsne 6561538"
adopted: "2025-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 81. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 81 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/81

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური:
ა) ამ კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებულ უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულს ან მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისთანავე, არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა, აწვდის იმავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას და შესაბამის დოკუმენტაციას 3 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სამინისტროს;
ბ) უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს განუმარტავს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემთხვევაში 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროში გამოცხადების, მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის (მისი არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებას და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებს;
გ) სასჯელის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 2 კვირისა, ხოლო სხვა საფუძვლით გათავისუფლებისას – გათავისუფლებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა სამინისტროს აცნობებს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის, აგრეთვე იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის გათავისუფლების თარიღს, რომელმაც საერთაშორისო დაცვა მოითხოვა;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს პენიტენციურ დაწესებულებაში უფლებამოსილი თანამდებობის პირის/პირების თავშესაფრის მაძიებელთან ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან, აგრეთვე იმ უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან შეხვედრის ორგანიზებას, რომელმაც საერთაშორისო დაცვა მოითხოვა;
ე) შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს უფლებამოსილი თანამდებობის პირისთვის/პირებისთვის თავშესაფრის მაძიებლის, აგრეთვე იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის დოკუმენტების, მათ შორის, სამგზავრო დოკუმენტის (მისი არსებობის შემთხვევაში), ასლების გაგზავნას, რომელმაც საერთაშორისო დაცვა მოითხოვა;
ვ) სამინისტროს აწვდის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის, აგრეთვე იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, დაქტილოსკოპიურ მონაცემებს, რომელმაც საერთაშორისო დაცვა მოითხოვა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/80.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/82.md
