---
title: "მუხლი 16. ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია — შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6566730-shinaur-binadar-tskhovelta-shesakheb/16"
law: "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 6566730"
adopted: "2025-07-02"
consolidated_as_of: "2025-07-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია — შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2025-07-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6566730-shinaur-binadar-tskhovelta-shesakheb/16

1. ცხოველის კეთილდღეობის დაცვისა და მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად მარეგისტრირებელი ორგანო ახორციელებს ცხოველის იდენტიფიკაციასა და რეგისტრაციას მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომელსაც მართავს სააგენტო.

2. მონაცემთა ერთიანი ბაზის მიზანია:
ა) ცხოველების რაოდენობის დადგენა, თითოეული მათგანის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, მათი მეპატრონეებისა და მიმკედლებლების დადგენა და რეგისტრაცია;
ბ) მეპატრონის მიერ ცხოველის მიტოვების პრევენცია;
გ) უმეთვალყურეო ცხოველის მეპატრონის ან მიმკედლებლის დადგენა.

3. მონაცემთა ერთიან ბაზაში შეიტანება იდენტიფიცირებული ცხოველის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
ა) სახეობა, ჯიში, სქესი, დაბადების თარიღი, სახელი, გარეგნობის აღწერა, შეფერილობა, მიკროჩიპის ან საყურე ნიშნის (საჭდის) ნომერი;
ბ) სტერილიზაციის/კასტრაციის შესახებ;
გ) ვაქცინაციის შესახებ;
დ) მეპატრონე/მიმკედლებელი ფიზიკური პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და საცხოვრებელი მისამართი, ხოლო მეპატრონე/მიმკედლებელი იურიდიული პირის შემთხვევაში − სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო ინფორმაცია;
ე) სანაშენე ცხოველად, საგამოფენო ცხოველად და სასამსახურო ძაღლად აღნიშვნის შესახებ;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა აუცილებელი მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია იდენტიფიკაცია-რეგისტრაციასთან.

4. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, ვეტერინარული დაწესებულება, თავშესაფარი და საშენი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოსგან მიღებული მონაცემთა ერთიან ბაზაზე წვდომის საფუძველზე ახორციელებენ ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას.

5. ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო), კინოლოგიური დაწესებულება, ფელინოლოგიური დაწესებულება, რეალიზატორი და ცხოველების მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოსგან მიღებული მონაცემთა ერთიან ბაზაზე წვდომის საფუძველზე ამოწმებენ ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას.

6. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს უპატრონო/მიკედლებული ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია.

7. მეპატრონის/მიმკედლებლის ცვლილების შემთხვევაში ახალი მეპატრონის/მიმკედლებლის რეგისტრაციის მიზნით სავალდებულოა ცვლილების შეტანა მონაცემთა ერთიან ბაზაში.

8. მიკროჩიპის ან საყურე ნიშნის (საჭდის) დაკარგვის/დაზიანების შემთხვევაში მეპატრონე/მიმკედლებელი ვალდებულია მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს ცხოველის განმეორებითი იდენტიფიკაციის მიზნით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6566730-shinaur-binadar-tskhovelta-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6566730-shinaur-binadar-tskhovelta-shesakheb/17.md
