---
title: "მუხლი 6. ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოები — შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6566730-shinaur-binadar-tskhovelta-shesakheb/6"
law: "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 6566730"
adopted: "2025-07-02"
consolidated_as_of: "2025-07-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოები — შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2025-07-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6566730-shinaur-binadar-tskhovelta-shesakheb/6

1. ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოები არიან მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო და სააგენტო.

2. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით ახორციელებს:
ა)  მეპატრონის მიერ ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობას;
ბ) მიმკედლებლის მიერ ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობას;
გ) საშენის რეგისტრაციას;
დ) უპატრონო/მიკედლებული ცხოველის პოპულაციის მართვასა და ანტირაბიულ ვაქცინაციას;
ე) მიკედლებული ცხოველის დაჭერის შესახებ ინფორმაციის მიმკედლებლისთვის შეტყობინებას;
ვ) უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ლეშის განკარგვას;
ზ) ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვის გეგმურ და არაგეგმურ მონიტორინგს.

3. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო უპატრონო/მიკედლებული ცხოველის დროებითი განთავსების, მოვლა-პატრონობის, პოპულაციის მართვისა და ანტირაბიული ვაქცინაციის უზრუნველსაყოფად დამოუკიდებლად ან სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად ქმნის მუნიციპალურ თავშესაფარს ან აღნიშნულ საქმიანობებს ახორციელებს თავის მიერ უფლებამოსილი პირის მეშვეობით.

4. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია უპატრონო/მიკედლებული ცხოველის პოპულაციის მართვა განახორციელოს ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი წესით.

5. სააგენტო ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით:
ა) ახორციელებს მონაცემთა ერთიანი ბაზის მართვას ცხოველის მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად;
ბ) ახორციელებს ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლს;
გ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

6. სააგენტოს უფლება აქვს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ცხოველის ჰიპერპოპულაციის მართვის დროებითი ღონისძიებების განსახორციელებლად უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, სტერილიზაცია/კასტრაცია და ანტირაბიული ვაქცინაცია.

7. საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცხოველის გადაადგილებისას ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებენ სააგენტო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6566730-shinaur-binadar-tskhovelta-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6566730-shinaur-binadar-tskhovelta-shesakheb/7.md
