---
title: "მუხლი 12. განცხადების განხილვა და საარსებო შემწეობის დანიშვნა — “მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ\""
url: "https://legal.ge/ka/law/66100-miznobrivi-sotsialuri-dakhmarebis-danishvnisa-da-gatsemis-wesis-damtki/12"
law: "“მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ\""
article: "12"
identifier: "225/ნ"
adopted: "2006-08-22"
consolidated_as_of: "2026-06-08"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 12. განცხადების განხილვა და საარსებო შემწეობის დანიშვნა — “მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"

> Text consolidated as of 2026-06-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ", მუხლი 12 (consolidated as of 2026-06-08), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/66100-miznobrivi-sotsialuri-dakhmarebis-danishvnisa-da-gatsemis-wesis-damtki/12

1. საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების შევსებიდან ორი კვირის ვადაში, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საარსებო შემწეობის დანიშვნა ხორციელდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახში ვიზიტისას შესაბამისი ფორმის დოკუმენტის შევსებით. შევსებულ დოკუმენტს ხელს აწერს სააგენტოს უფლებამოსილი პირი და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსი.

3. საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ განცხადება და დანიშვნის ფორმის შევსება შესაძლებელია განხორციელდეს ერთდროულად, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ოჯახში ვიზიტისას.

3¹. ვიზიტის დროს სააგენტოს უფლებამოსილი პირი ოჯახის ფაქტობრივ სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ მდგომარეობას ადარებს „ოჯახის დეკლარაციაში“ დაცულ ინფორმაციას და იმ შემთხვევაში, თუ ამ მონაცემების ურთიერთშედარების შედეგად არ იკვეთება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესით“ გათვალისწინებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძველი, სააგენტოს უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას საარსებო შემწეობის დანიშვნის თაობაზე.

4. თუ ოჯახმა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა/შეფასების შედეგად მოიპოვა საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება და განხორციელდა დანიშვნის პროცედურა, რის შემდეგაც ოჯახის დეკლარაციაში სააგენტოს მიერ განხორციელდა მონაცემების კორექტირება, კორექტირების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე, საარსებო შემწეობის დანიშვნის განმეორებითი პროცედურა განხორციელდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ოჯახში ვიზიტის გარეშე.

5. თუ ოჯახს, დადგენილ ვადაში (90 დღე) მონაცემთა კორექტირე(ბე)ბის შედეგად მიენიჭება საარსებო შემწეობის მისაღებად განსაზღვრული ქულათა ოდენობა, საარსებო შემწეობა გაიცემა ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ, საარსებო შემწეობის მიღების უფლების წარმოშობის პერიოდის გათვალისწინებით.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ იმ შემთხვევაში, როდესაც საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულის დაკორექტირების შემდეგ მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე, სააგენტო, სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის თანხის ბოლო ჩარიცხვის თვის მომდევნო თვიდან, კორექტირების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულისა და ოჯახში დაფიქსირებული წევრთა რაოდენობის შესაბამისად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №01- 40/ნ - ვებგვერდი, 16.09.2015წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №01-68/ნ - ვებგვერდი, 12.12.2017წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2026 წლის 8 ივნისის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 08.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/66100-miznobrivi-sotsialuri-dakhmarebis-danishvnisa-da-gatsemis-wesis-damtki/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/66100-miznobrivi-sotsialuri-dakhmarebis-danishvnisa-da-gatsemis-wesis-damtki/12-1.md
