---
title: "მუხლი 4. საარსებო შემწეობის მიღების უფლება — “მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ\""
url: "https://legal.ge/ka/law/66100-miznobrivi-sotsialuri-dakhmarebis-danishvnisa-da-gatsemis-wesis-damtki/4"
law: "“მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ\""
article: "4"
identifier: "225/ნ"
adopted: "2006-08-22"
consolidated_as_of: "2026-06-08"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 4. საარსებო შემწეობის მიღების უფლება — “მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"

> Text consolidated as of 2026-06-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: “მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ", მუხლი 4 (consolidated as of 2026-06-08), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/66100-miznobrivi-sotsialuri-dakhmarebis-danishvnisa-da-gatsemis-wesis-damtki/4

1. საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში (შემდგომ – მონაცემთა ბაზა) და მისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომ – ღატაკი ოჯახი).

2. ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება ეძლევა სარეიტინგო ქულის მინიჭების თვის მომდევნო თვიდან.

3. საარსებო შემწეობა ინიშნება უფლების წარმოშობის თვიდან, ოჯახის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

4. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი გადამოწმების პერიოდში, ოჯახს უგრძელდება საარსებო შემწეობის გაცემა მინიჭებული სარეიტინგო ქულისა და ოჯახში დაფიქსირებული წევრთა რაოდენობის შესაბამისად, ახალი „ოჯახის დეკლარაციის“, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-9 მუხლით განსაზღვრული მონაცემების კორექტირების შესახებ შესაბამისი დოკუმენტის ან ოჯახის რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე.

5. საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახს, განმეორებითი შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულის შესაბამისად, უგრძელდება ან უწყდება საარსებო შემწეობა. თუ გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე, ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა გაუგრძელდება საარსებო შემწეობის თანხის ბოლო ჩარიცხვის თვის მომდევნო თვიდან, გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულისა და ოჯახში დაფიქსირებულ წევრთა რაოდენობის შესაბამისად.

6. 16 წლამდე ასაკის ოჯახის წევრისთვის განკუთვნილი საარსებო შემწეობის გაცემა ოჯახს უგრძელდება ახალი სარეიტინგო ქულის შესაბამისად 16 წლის ასაკის შესრულების თვის ჩათვლით.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის ათვლა შეიძლება შეჩერდეს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორი) არსებობისას. ვადის ათვლა გაგრძელდება შეჩერების გამომწვევი მიზეზ(ებ)ის აღმოფხვრის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობა დაერიცხება უფლების წარმოშობის თვიდან, დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის ბრძანება №01-38/ნ - ვებგვერდი, 18.06.2012
წ.
ს
აქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2026 წლის 8 ივნისის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 08.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/66100-miznobrivi-sotsialuri-dakhmarebis-danishvnisa-da-gatsemis-wesis-damtki/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/66100-miznobrivi-sotsialuri-dakhmarebis-danishvnisa-da-gatsemis-wesis-damtki/4-1.md
