---
title: "მუხლი 4 — ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6698017-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/4"
law: "ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 6698017"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2025-12-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4 — ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2025-12-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6698017-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/4

1. შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა განახორციელონ ამ კანონის აღსასრულებლად საჭირო ყველა ღონისძიება.

2. შესაბამისმა ორგანომ:
ა) არ დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135
4
მუხლით გათვალისწინებული იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის თაობაზე, რომელიც პირმა 2025 წლის 1 ნოემბრამდე ჩაიდინა;
ბ) შეწყვიტოს ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135
4
მუხლით გათვალისწინებული იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის თაობაზე, რომელიც პირმა 2025 წლის 1 ნოემბრამდე ჩაიდინა;
გ) ძალადაკარგულად გამოაცხადოს დადგენილება, რომლითაც პირს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135
4
მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაედო ადმინისტრაციული სახდელი − ჯარიმა (მათ შორის, გასამმაგებული ჯარიმა და გასამმაგებული ჯარიმის გასამმაგებული ოდენობის ჯარიმა) ან/და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილი, თუ მან ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2025 წლის 1 ნოემბრამდე ჩაიდინა და აღნიშნული დადგენილება 2025 წლის 1 ნოემბრამდე არ აღსრულებულა.

3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M
1
კატეგორია) გადაყვანის „A“ კატეგორიის ნებართვის მფლობელი გათავისუფლდება ამ ნებართვის გაცემის ფასის გადახდის საქმეში არსებული დავალიანებისგან, რომლის საფუძველზედაც მას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135
4
მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელი 2025 წლის 1 ნოემბრამდე დაედო.

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ კანონის საფუძველზე:
ა) შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამავე კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება;
ბ) არ დაიწყოს ამავე კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება.

5. ამ კანონით განსაზღვრულ პირს ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან (მათ შორის, გასამმაგებული ჯარიმისა და გასამმაგებული ჯარიმის გასამმაგებული ოდენობის ჯარიმისგან), შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან ან/და სათანადო ნებართვის გაცემის ფასის გადახდის საქმეში არსებული დავალიანებისგან გასათავისუფლებლად არ მოეთხოვება ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ორგანოებისა და თანამდებობის პირებისთვის მიმართვა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6698017-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6698017-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/5.md
