---
title: "მუხლი 14. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სისტემაში მონაწილე უწყებები/დაწესებულებები და მათი ფუნქციები — კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6715468-kanontan-konpliktshi-mqop-arasrulwlovanta-reabilitatsiisa-da-mkhardach/14"
law: "კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 6715468"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2025-12-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სისტემაში მონაწილე უწყებები/დაწესებულებები და მათი ფუნქციები — კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2025-12-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6715468-kanontan-konpliktshi-mqop-arasrulwlovanta-reabilitatsiisa-da-mkhardach/14

1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სისტემა აერთიანებს:
ა) ცენტრს;
ბ) საქართველოს პროკურატურას;
გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გამოძიების ორგანოებს;
დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო);
ე) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მისი მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს/სკოლებს.

2. ცენტრი:
ა) წარმართავს და კოორდინაციას უწევს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესს;
ბ) ამუშავებს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთან დაკავშირებით მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, აფასებს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთან დაკავშირებულ ინდივიდუალურ გარემოებებსა და საჭიროებებს;
გ) ახდენს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ჩართვას შესაბამის სერვისში/პროგრამაში;
დ) შეიმუშავებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სისტემის ეფექტიანობისთვის საჭირო სერვისების/პროგრამების კონცეფციებს;
ე) უზრუნველყოფს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლისთვის შესაბამისი მხარდამჭერი კონსულტაციის გაწევას;
ვ) ხელს უწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ოჯახის ჩართვას არსებულ სოციალური ფუნქციონირების მხარდამჭერ სერვისებში;
ზ) ახორციელებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის მონიტორინგს, რომლის ფარგლებშიც ახორციელებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ შესაბამისი სერვისის/პროგრამის შესრულების ზედამხედველობასა და მის მიერ მიღწეული შედეგების შეფასებას, აგრეთვე კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანზე დაკვირვებას შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდგომ;
თ) აანალიზებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მიღებულ მონაცემებს, ამზადებს შესაბამის ყოველწლიურ ანგარიშებს და აქვეყნებს პერსონალური მონაცემების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით;
ი) უზრუნველყოფს ამ კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

3. პროკურორი უზრუნველყოფს:
ა) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ცენტრში გადამისამართებას;
ბ) ამ კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გამოძიების ორგანოები უზრუნველყოფენ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებას.

5. სააგენტო:
ა) ცენტრის მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოფს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანისთვის წარმომადგენლის დანიშვნას;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ალტერნატიული ზრუნვის მიზნით კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებას;
გ) უზრუნველყოფს ამ კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

6. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები/სკოლები უზრუნველყოფენ:
ა) არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობას;
ბ) ამ კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
თავი IV
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6715468-kanontan-konpliktshi-mqop-arasrulwlovanta-reabilitatsiisa-da-mkhardach/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6715468-kanontan-konpliktshi-mqop-arasrulwlovanta-reabilitatsiisa-da-mkhardach/15.md
