---
title: "მუხლი 16. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესახებ ინფორმაციის მიღება — კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6715468-kanontan-konpliktshi-mqop-arasrulwlovanta-reabilitatsiisa-da-mkhardach/16"
law: "კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 6715468"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2025-12-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესახებ ინფორმაციის მიღება — კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2025-12-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6715468-kanontan-konpliktshi-mqop-arasrulwlovanta-reabilitatsiisa-da-mkhardach/16

1. ცენტრი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესახებ ინფორმაციას იღებს პროკურორისგან, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანისა და მისი კანონიერი წარმომადგენლისგან. ცენტრს უფლება აქვს, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთან/მის კანონიერ წარმომადგენელთან კომუნიკაცია განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, აგრეთვე შეხვედრის მიზნით დაიბაროს ისინი ცენტრში ან/და მივიდეს მათ საცხოვრებელ ადგილას.

2. ცენტრს უფლება აქვს, ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლების განსახორციელებლად და დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების, მისაღებად მიმართოს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გამოძიების ორგანოს ან/და სხვა ისეთ პირს ან დაწესებულებას, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ინფორმაცია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ცხოვრების, მართლსაწინააღმდეგო ქცევის ისტორიის, აღზრდისა და განვითარების პირობების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ოჯახური ვითარების თაობაზე, აგრეთვე სხვა ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური მახასიათებლების შესახებ, რომლებიც მისი ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების და საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნულ შემთხვევაში შესაბამისი პირი/უწყება/დაწესებულება ვალდებულია ცენტრს მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია. მონაცემები უნდა დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.

3. ცენტრს უფლება აქვს, ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლების განსახორციელებლად და დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ინფორმაციის მისაღებად მივიდეს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, გაესაუბროს ამ დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს, მათ შორის, დაწესებულების დირექტორს, მასწავლებელსა და მანდატურს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6715468-kanontan-konpliktshi-mqop-arasrulwlovanta-reabilitatsiisa-da-mkhardach/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6715468-kanontan-konpliktshi-mqop-arasrulwlovanta-reabilitatsiisa-da-mkhardach/17.md
