---
title: "მუხლი 24. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების ვადის გადასინჯვა და გაგრძელება — კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6715468-kanontan-konpliktshi-mqop-arasrulwlovanta-reabilitatsiisa-da-mkhardach/24"
law: "კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 6715468"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2025-12-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების ვადის გადასინჯვა და გაგრძელება — კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2025-12-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6715468-kanontan-konpliktshi-mqop-arasrulwlovanta-reabilitatsiisa-da-mkhardach/24

1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის უფლებამოსილი პირი საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მიმართავს მულტიდისციპლინურ ჯგუფს და წარუდგენს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ მიღწეული დადებითი შედეგების, არსებული სირთულეებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაციას.

2. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნის პერიოდში ნებისმიერ დროს, თუ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ყოფნა არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში აუცილებელი აღარ არის მისი კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის მიზნის მისაღწევად, არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის უფლებამოსილი პირი შესაბამისი გარემოების გამოვლენისთანავე მიმართავს მულტიდისციპლინურ ჯგუფს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

3. არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის უფლებამოსილი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანსა და სხვა პირებთან გასაუბრების, საფუძველზე მულტიდისციპლინური ჯგუფი აფასებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ მიღწეულ დადებით შედეგებს, არსებულ სირთულეებს, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საჭიროებებს, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნის აუცილებლობას და მისთვის მიმართვიდან გონივრულ ვადაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში დასრულების შესახებ;
ბ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში დასრულების და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესახებ;
გ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში განხორციელების ვადის არაუმეტეს 6 თვით გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მულტიდისციპლინური ჯგუფი სასამართლოს წარუდგენს შუამდგომლობას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ამ შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნის ვადის გაგრძელების საჭიროების, საჭირო სერვისის/პროგრამისა და მისი შესრულების დროში გაწერილი ინდივიდუალური გეგმის შესახებ ინფორმაცია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6715468-kanontan-konpliktshi-mqop-arasrulwlovanta-reabilitatsiisa-da-mkhardach/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6715468-kanontan-konpliktshi-mqop-arasrulwlovanta-reabilitatsiisa-da-mkhardach/25.md
