---
title: "მუხლი 16. პარტიის მიერ ცესკოს წევრის დანიშვნისა და მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/16"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "16"
identifier: "1253-IVმს-XIმპ"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. პარტიის მიერ ცესკოს წევრის დანიშვნისა და მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 16 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/16

1. პარტიას უფლება აქვს, დანიშნოს ცესკოს 1 წევრი, თუ პარტია ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული იყო საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით და მას ამ კანონის 135-ე მუხლის მე-3−მე-5 პუნქტების შესაბამისად მიეკუთვნა საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატი.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პარტიების რაოდენობა 9-ზე მეტია, ცესკოს წევრის დანიშვნისას უპირატესობა ენიჭება იმ პარტიას, რომელმაც საქართველოს პარლამენტის არჩევნებში უფრო მეტი ხმა მიიღო.

3. თუ პარტიებმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღეს, ცესკოს წევრის დანიშვნისას უპირატესობა ენიჭება იმ პარტიას, რომელმაც საარჩევნო რეგისტრაცია უფრო ადრე გაიარა.

4. პარტიის მიერ დანიშნული ცესკოს წევრი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს.

5. პარტიას უფლება აქვს, გამოიწვიოს მის მიერ დანიშნული ცესკოს წევრი. დაუშვებელია მისი გამოწვევა არჩევნების დანიშვნიდან ამ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე. პარტიას უფლება აქვს, აღნიშნული ვადის განმავლობაში ცესკოს ახალი წევრი დანიშნოს მხოლოდ მის მიერ დანიშნული ცესკოს წევრის გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/17.md
