---
title: "მუხლი 191. არჩევნების/რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარების ფინანსური უზრუნველყოფის დროებითი წესი — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/191"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "191"
identifier: "1253-IVმს-XIმპ"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 191. არჩევნების/რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარების ფინანსური უზრუნველყოფის დროებითი წესი — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 191 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/191

1. არჩევნების/რეფერენდუმის მოსამზადებლად და ჩასატარებლად საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული ხარჯი და მისი საქმიანობა უფლებამოსილების განხორციელების ვადაში ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

2. ცესკო ამ კანონით დადგენილი წესით ყოველწლიურად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს, რომლის საფუძველზედაც განისაზღვრება მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსება.

3. თუ არჩევნების/რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნება ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გამოიყოფა ცესკოს შესაბამის საბიუჯეტო პროგრამულ კოდზე, ცესკო უფლებამოსილია სარჩელით მიმართოს რაიონულ/საქალაქო სასამართლოს.

4. ცესკოსთვის ფულადი სახსრების გამოყოფის თაობაზე იძულებითი აღსრულება არ ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდიდან.

5. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას, ცესკოს სახით, უფლება აქვს, მიიღოს გრანტი კანონით უფლებამოსილი პირისგან. გრანტი გამოიყენება ცესკოსა და უფლებამოსილ პირს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.

6. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, სწავლების ცენტრი უფლებამოსილია საარჩევნო პერიოდში/სარეფერენდუმო პერიოდში არჩევნების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

7. წინასაარჩევნო პერიოდში/საარჩევნო პერიოდში სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ცესკოს, სწავლების ცენტრის ან/და მათი სატენდერო კომისიების ქმედებების/გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების შეჩერებას.

8. საარჩევნო პერიოდში/სარეფერენდუმო პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ ცესკოს, სწავლების ცენტრის ან/და მათი სატენდერო კომისიების გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადები, საჩივრის განხილვისა და მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები და წესი განისაზღვრება ამ კანონის 92-ე მუხლით.

9. ამ მუხლით დადგენილი წესი მოქმედებს 2030 წლის 1 იანვრამდე.
საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის ორგანული კანონი №1715 – ვებგვერდი, 15.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/190.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/192.md
