---
title: "მუხლი 25. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის , თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის უფლებამოსილებები — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/25"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "25"
identifier: "1253-IVმს-XIმპ"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის , თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის უფლებამოსილებები — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 25 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/25

1. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საოლქო საარჩევნო კომისიაში;
ბ) უძღვება საარჩევნო კომისიის სხდომას;
გ) განკარგავს საოლქო საარჩევნო კომისიის ფინანსურ სახსრებს;
დ) შრომით ხელშეკრულებებს დებს საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის წევრებთან;
ე) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, კომისიის სხვა წევრებს, დამხმარე და ტექნიკურ პერსონალს;
ვ) რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს, პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს, აგრეთვე პარტიულ სიებს და მერობის კანდიდატებს მუნიციპალიტეტისორგანოთა არჩევნებისთვის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებისა);
ზ) სათანადო მოწმობებს აძლევს პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს;
თ) სათანადო მოწმობას აძლევს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩეულ წევრს (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისა), მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მის ადგილმონაცვლეს, აგრეთვე მერს (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერისა);
ი) ცესკოს გადასცემს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრებად არჩეულ პირთა, აგრეთვე მერის უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციასა და საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საარჩევნო საბუთებს;
კ) სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;
ლ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) ასრულებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;
ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).

3. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი:
ა) ანაწილებს საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;
ბ) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს და სათანადო მოწმობებს აძლევს საუბნო საარჩევნო კომისიებში არჩევნებში მონაწილე პარტიისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს;
გ) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს და დამკვირვებლის მოწმობებს აძლევს არჩევნების/რეფერენდუმის დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებლებს;
დ) განკარგულებით ახორციელებს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს;
ე) ადგენს საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;
ვ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/26.md
