---
title: "მუხლი 53. წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/53"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "53"
identifier: "1253-IVმს-XIმპ"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 53. წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 53 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/53

1. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ამ კანონის 50-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს ეკრძალება რომელიმე პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, მათ შორის:
ა) სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ დაკავებული შენობების, აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ დაკავებული შენობების გამოყენება, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, თუ სხვა პარტიებს, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებს, საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა;
ბ) სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისთვის ან მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან (გარდა პარტიებისა);
გ) სახელმწიფო ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება;
დ) საჯარო მოსამსახურეების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლების, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლების, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორების, აღმზრდელ-პედაგოგების, აღმზრდელების, მასწავლებლების, აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პირების სამსახურებრივი ნიშნით შეკრება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ მათი სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შემთხვევაზე, რომელთა დაცვას კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/52.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/54.md
