---
title: "მუხლი 7. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტატუსი , სისტემა და შემადგენლობა — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/7"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "7"
identifier: "1253-IVმს-XIმპ"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტატუსი , სისტემა და შემადგენლობა — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 7 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/7

1. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისგან და იქმნება ამ კანონის შესაბამისად. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილება და შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონით.

2. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება:
ა) ცესკოსა და მისი აპარატისგან;
ბ) უსკოსა და მათი აპარატებისგან;
გ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან;
დ) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან.

3. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანოა ცესკო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობს და აკონტროლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიებს და უზრუნველყოფს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვან გამოყენებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

4. თუ ერთდროულად ტარდება საერთო არჩევნები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციებს ასრულებენ საერთო არჩევნებისთვის ჩამოყალიბებული საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები.

5. ცესკოსა და უსკოს აპარატების თანამშრომლებზე (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/8.md
