---
title: "მუხლი 90. განცხადებები და საჩივრები კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცედურების დარღვევის შესახებ — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/90"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "90"
identifier: "1253-IVმს-XIმპ"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 90. განცხადებები და საჩივრები კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცედურების დარღვევის შესახებ — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 90 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/90

1. საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ განცხადება/საჩივარი შედგენილი უნდა იქნეს ამ კანონის დარღვევის შემჩნევისთანავე, ამ კანონის 89-ე მუხლით დადგენილი წესით, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე.

2. განცხადება/საჩივარი ხმების დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილი უნდა იქნეს საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე, ამ კანონის 89-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ განცხადებას/საჩივარს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს ჩანაწერთა წიგნში. საუბნო საარჩევნო კომისია/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ საუბნო საარჩევნო კომისიამ/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს, საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედება 3 დღის ვადაში გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. საოლქო საარჩევნო კომისია განცხადებას/საჩივარს განიხილავს მისი მიღებიდან 4 დღის ვადაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/89.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/91.md
