---
title: "მუხლი 99. პოლიტიკური / წინასაარჩევნო რეკლამის კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით დამზადება და განთავსება — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/99"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "99"
identifier: "1253-IVმს-XIმპ"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 99. პოლიტიკური / წინასაარჩევნო რეკლამის კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით დამზადება და განთავსება — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 99 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/99

1. წინასაარჩევნო აგიტაციასთან, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის დამზადებასა და განთავსებასთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევა, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გამოიწვევს შესაბამისი პარტიის დაჯარიმებას არაუმეტეს რეკლამის განთავსების დროისთვის დადგენილი ტარიფის ოდენობით, ხოლო ამ კანონის 57-ე მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს შესაბამისი პარტიის დაჯარიმებას არაუმეტეს რეკლამის განთავსების დროისთვის დადგენილი ტარიფის ორმაგი ოდენობით. თუ დაჯარიმება გამოწვეულია უფასო რეკლამის განთავსებით, ჯარიმის ოდენობა გამოითვლება შესაბამისი მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამის განთავსებისთვის განსაზღვრული ტარიფის არაუმეტეს ორმაგი ოდენობით.

2. ამ კანონის 57-ე მუხლის მე-13 ან მე-14 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს შესაბამისი მაუწყებლის დაჯარიმებას არაუმეტეს რეკლამის განთავსების დროისთვის დადგენილი ტარიფის ორმაგი ოდენობით. თუ დაჯარიმება გამოწვეულია უფასო რეკლამის განთავსებით, ჯარიმის ოდენობა გამოითვლება შესაბამისი მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამის განთავსებისთვის განსაზღვრული ტარიფის არაუმეტეს ორმაგი ოდენობით. ამ კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით ან მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა ან მაუწყებლის მიერ ამ კანონის 57-ე მუხლით დადგენილი სხვა ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს შესაბამისი მაუწყებლის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

3. ამ კანონის 57-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა გამოიწვევს შესაბამისი პარტიისა და ფიქსირებული ან მობილური საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის დაჯარიმებას არაუმეტეს შესაბამისი მომსახურებისთვის გადახდილი საფასურის ორმაგი ოდენობით.

4. ამ კანონის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს გაზეთის (ბეჭდვითი მედიის საშუალების) დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/98.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/100.md
