---
title: "მუხლი 19. ფაქტორინგის განხორციელების პირობები — ფაქტორინგის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/19"
law: "ფაქტორინგის შესახებ"
article: "19"
identifier: "matsne 6825189"
adopted: "2026-04-01"
consolidated_as_of: "2026-04-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. ფაქტორინგის განხორციელების პირობები — ფაქტორინგის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფაქტორინგის შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2026-04-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/19

1. ფაქტორინგის ხელშეკრულებაში (მათ შორის, ფაქტორინგის ხელშეკრულების მხარეთა მიერ წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) გაფორმებულ/შეთანხმებულ დამატებით პირობებსა და ამ ხელშეკრულების დანართებში, რომლებიც მისი შემადგენელი და განუყოფელი ნაწილია) მითითებული უნდა იყოს:
ა)  ფაქტორინგის მხარეების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, შესაბამისი სუბიექტების დასახელებები, საიდენტიფიკაციო ნომრები, იურიდიული მისამართები, აგრეთვე წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირების თაობაზე ინფორმაცია;
ბ) ფაქტორინგის სახე;
გ) იმ დებიტორული დავალიანების სამართლებრივი საფუძვლები და მასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია, რომელიც ფაქტორინგის ხელშეკრულების საგანია, მათ შორის, გადაცემული დებიტორული დავალიანების მოცულობა, მისი გამოთვლისა და ამ დავალიანების უფლებამოსილი მხარის მიმართ გადახდის წესი და პირობები;
დ) ფაქტორის კუთვნილი სარგებლის თანხა, მისი გამოთვლისა და გადახდის წესი;
ე) ძირითადი ხელშეკრულებისა და ფაქტორინგის ხელშეკრულების დადების თარიღები, აგრეთვე ფაქტორინგის ხელშეკრულების მოქმედების ვადა;
ვ) ფაქტორინგის ხელშეკრულების თითოეული მხარისა და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერა;
ზ) მოთხოვნის უზრუნველყოფის შემთხვევაში − უზრუნველყოფის თითოეული საგნის შესახებ ინფორმაცია.

2. ფაქტორინგის ხელშეკრულებას დანართის სახით, წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) უნდა დაერთოს სულ მცირე შემდეგი დოკუმენტები/ინფორმაცია:
ა) ძირითადი ხელშეკრულება;
ბ) მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული თანხის შესახებ ინფორმაცია;
დ) მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული გადახდის თარიღის შესახებ ინფორმაცია;
ე) რევერსიული ფაქტორინგის შემთხვევაში − აგრეთვე კრედიტორის წერილობითი თანხმობა.

3. ფაქტორინგის რეესტრში ფაქტორინგის რეგისტრაციის თარიღად ითვლება დებიტორული დავალიანების გაყიდვის თარიღი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/20.md
